საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევის 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საქართველო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს და 100-იდან 56 ქულითაა შეფასებული. 2021 წელთან შედარებით, მისი ქულა ერთი ნიშნულითაა გაუმჯობესებული. შარშან ის 45-ე ადგილზე იყო.
ორგანიზაციის განმარტებით, მართალია საქართველო რეგიონში 56 ქულით ლიდერობს, მაგრამ ეს უკავშირდება წინა პერიოდის მიღწევებს დაბალ საფეხურზე მექრთამეობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. კორუფციის აღქმის ინდექსის კუთხით კი ქვეყანაში 2012 წლიდან სტაგნაციაა.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში, რომელიც რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ჩემპიონი იყო, ახლანდელი ხელისუფლება კლავს ამ პრობლემასთან ბრძოლის მომენტსა და შესაძლებლობას. მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ფართო აღქმით, ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს - მიტაცებული აქვს უმთავრესი სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები, რაც ნიშნავს, რომ უმაღლეს საფეხურებზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დიდწილად დაუსჯელი რჩება“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაწილს შეეხება.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ადგილობრივი მკვლევრებო საუბრობენ ათობით მაღალი რანგის კორუფციის შემთხვევაზე, რომლებიც არ გამოძიებულა, მათი მასშტაბის და მახასიათებლების გათვალისწინებით კი, ორგანიზაციის განმარტებით, "ქვეყანაში კორუფცია კლეპტოკრატიის რანგში გადადის". ეს ორგანიზაციის თქმით, გულისხმობს, რომ "ოფიციალური პირები სისტემატურად იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისთვის, რომ ქვეყნის სიმდიდრით ისარგებლონ და ჩაახშონ კრიტიკული ხმები, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო საზოგადოება".
ანგარიშში საუბარია ასევე ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ აგრესიულ რიტორიკაზეც, რომლებიც კორუფციის გამოაშკარავებით არიან დაკავებულნი. ორგანიზაცია დასძენს, რომ აქტივისტების წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების პარალელურად კი არის იმის რისკი, რომ პარლამენტმა შესაძლოა "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონიც კი მიიღოს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ორგანიზაციის თქმით, "მაღალი რანგის კორუფცია იყო ერთ-ერთი მიზეზიც იმისა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო". ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ განზრახ მოახდინა კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილებამდე, შეფასების პროცესის ერთგვარი საბოტაჟი, რათა რუსეთი დაეშოშმინებინა".
ასევე ნახეთ: ბაიდენი: "კორუფციასთან ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხია"
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებითვე, საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას და ლიდერობს რეგიონში, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66). რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი ანგარიშში 46 ქულითაა შეფასებული, მონტენეგრო - 45-ით, ტაჯიკისტანს, აზერბაიჯანს და თურქმენისტანს კი შესაბამისად - 24, 23 და 19 ქულა აქვთ.
კვლევას “ქართული ოცნება" გამოეხმაურა და პარტიამ ორგანიზაციის გამოქვეყნებულ მასალას “მანიპულაციური” უწოდა. "ქართული ოცნების" თქმით, წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.
“საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ფაქტი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან თანაბარი შედეგი აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი უპირატესობით უსწრებს” – ნათქვამია “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მსოფლიოში კორუფციის აღქმას 1995 წლიდან აკვირდება. კვლევა სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და წყაროებიდან შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა იმის თაობაზე, თუ როგორ აღიქმება კორუფციის მასშტაბი და მახასიათებლები ამა თუ იმ ქვეყანაში.
რაც უფრო მაღალია ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა, მით უკეთესია მისი შეფასება. პირველი ათეული წელს ასე გამოიყურება: დანია 90 ქულა, ფინეთი - 87, ახალი ზელანდია - 87, ნორვეგია - 84, სინგაპური - 83, შვედეთი -83, შვეიცარია 82, ნიდერლანდები - 80, გერმანია - 79 და ირლანდია - 77. მათგან ბოლო წელს გაუმჯობესება მხოლოდ დანიასა და ირლანდიაში დაფიქსირდა. 8 დანარჩენ მოწინავე ქვეყანაში კი ქულები უარესდებოდა.
გლობალური ანგარიშის თანახმად, 180 ქვეყნისა და ტერიტორიის კვლევის შედეგად ჩანს, რომ 124 ქვეყანაში კორუფციის კუთხით სტაგნაციაა. კორუფცია კი მსოფლიოში მშვიდობასთან დაკავიშირებული ვითარების გაუარესებასთან ერთად უარესდება და ხშირად ის არის ამის ერთ-ერთი მიზეზიცა და შედეგიც. გლობალურად, საშუალო ქულა 2022 წლის მონაცემებით, 43-ია.