რუსეთი უკრაინის ქალაქებზე იერიშებს განაგრძობს. ხერსონზე თავდასხმას კვირას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დააჩქარონ ქვეყნისთვის დაპირებული იარაღის მიწოდება.
"ჩვენ დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ, უნდა დავაჩქაროთ მომარაგება და ახალი, აუცილებელი იარაღის შესაძლებლობების გახსნა უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო, სკოლა, ავტობუსის სადგური, ფოსტის განყოფილება და ბანკი.
კვირას უკრაინულმა და რუსულმა მხარემ განსხვავებული განსცხადებები გააკეთეს დონეცკის რეგიონში ტერიტორიების კონტროლის შესახებ. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქ ბლაჰოდატნის მახლობლად ტერიტორიას სწორედ ის აკონტროლებს.
ასევე ნახეთ: უკრაინული სატანკო ბატალიონის წევრები წევრთნებისთვის ბრიტანეთში იმყოფებიანუკრაინის შეიარაღებულმა ძალებში კვირას განაცხადეს, რომ ჯარმა შაბათს 15-მდე დასახლებულ ტერიტორიაზე მოახერხა რუსული იერიშების მოგერიება. თუმცა კერძო დაქირავებული ორგანიზაცია "ვაგნერის ჯგუფმა" "ტელეგრამზე" შაბათს დაწერა, რომ მისმა დანაყოფებმა ბლაჰოდატნიზე კონტროლის მოპოვება მოახერხეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს უშუალოდ არ დაუდასტურებია. "ვაგნერის ჯგუფი", რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლისთვის აქტიურად იყენებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.
დონეცკის რეგიონში შეტაკებები უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა სად გადის ე.წ. ფრონტის ხაზი დაზუსტებით უცნობია. ეს განსაკუთრებით ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიას ეხება, სადაც ბრძოლა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურია. "ვაგნერის ჯგუფმა" ამ ტერიტორიაზე საკუთარი წარმატების შესახებ რამდენიმე წინასწარი განცხადება უკვე გააკეთა. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ბახმუტზე კონტროლი რუსებს არ მოუპოვებიათ, თუმცა სიტუაცია ფრონტის ხაზზე ძალიან რთულია.
დონეცკის გუბერნატორის თქმით, შაბათს, რუსეთის იერიშებს ბახმუტში ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა.
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათს კი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი სავარაუდოდ თავისი ჯარისკაცების რაოდენობის გასაზრდელად მობილიზაციას გააძლიერებს. გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ყირგიზ მიგრანტებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ ჩადიან და ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს, რადგან მათი სახელები მობილიზებულთა სიაში აღმოჩნდა.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსი დანილოვი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვი ომის წლისთავისთვის ახალი იერიშისთვის ემზადება. "ისინი ახლა მაქსიმალური გააქტიურებისთვის ემზადებიან. მათ სჯერათ, რომ წლისთავისთვის, რაღაც მიღწევები უნდა ჰქონდეთ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ 24 თებერვლისთვის ისინი იერიშის ახალი ტალღისთვის ემზადებიან. ამას თავადვე ამბობენ", - აცხადებს დანილოვი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნისადმი ტრადიციული, ღამის ვიდეო-მიმართვისას თქვა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მიმართა და სთხოვა, რომ რუსეთს ამ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს, რადგან შეუძლებელია მსოფლიომ თვალი დახჭოს იმაზე, რასაც რუსეთი ხერსონში, ხარკივში, ბახმუტსა თუ ავდიივკაში აკეთებს.