საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფას ეხმაურება და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს. განცხადება პრეზიდენტმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში ვერტმფრენის ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კიივში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ხმელეთზე დაიღუპა 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეები, ასევე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - ეკიპაჟის სამი წევრი და 6 ოფიციალური პირი. სულ, სხვადასხვა ინფორმაციით, 15-ზე მეტი ადამიანი. ავიაკატასტროფის შედეგად სულ დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

ასევე ნახეთ: კიევში ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა - დაიღუპა შს მინისტრი, 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეები

უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. განცხადება პაპუაშვილმა "ტვიტერის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პარლამენტის სპიკერი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი