ბაიდენი ამბობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების მის ძველ ოფისში აღმოჩენით გაკვირვებულია

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის გაკვირვებულია იმ ინფორმაციით, რომ სამთავრობო დოკუმენტები მისმა იურისტებმა ვაშინგტონში, მის ყოფილ სამუშაო სივრცეში აღმოაჩინეს. მას ამის თაობაზე მას შემდეგ ჰკითხეს, რაც პალატის დაზვერვის კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა დაზვერვის სამსახურებს შესაძლო საიდუმლო დოკუმენტების "ზიანის შეფასების" თხოვნით მიმართა.

მეხიკოში ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ მისმა იურისტებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ: ეროვნულ არქივს დაუყოვნებლივ შეატყობინეს იმის შესახებ, რომ დოკუმენტები "პენ ბაიდენის ცენტრში" იყო აღმოჩენილი. ბაიდენს სამუშაო კაბინეტი სწორედ იქ ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის იანვარში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა და სანამ 2019 წელს საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იკვლევს საკითხს "საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მცირე რეოდენობის" თაობაზე.

"ამ [დოკუმენტების] აღმოჩენის შესახებ შემატყობინეს და გამიკვირდა, რომ რაიმე სამთავრობო დოკუმენტი იმ ოფისში იყო წაღებული. არ ვიცი რა არის ამ დოკუმენტებში", - ამბობს პრეზიდენტი. როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, ეს დოკუმენტები 2 ნოემბერს აღმოაჩინეს.

წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკ ტერნერი, რომელმაც დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა, ამბობს, რომ ბაიდენის მიერ ამ დოკუმენტების შენახვა შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს, მათ შორის, საპრეზიდენტო ჩანაწერებისა და დოკუმენტების შენახვის და ჯაშუშობის შესახებ აქტებს.

დემოკრატი პრეზიდენტისთვის ეს საკითხი შესაძლოა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების ფლორიდის კერძო რეზიდენციაში შენახვის გამო უპასუხისმგებლობაში სდებდა ბრალს.