ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილო ამერიკის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკელ კოლეგასთან და კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიგრაციის, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავს. ლიდერები სამმხრივი შეხვედრებისას ეცდებიან კონტინენტზე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

უკანონო მიგრაციასთან და ადამიანებით ვაჭრობასა თუ კონტრაბანდის სხვა ფორმებთან ბრძოლა კვლავ უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამასთან, კანადა და შეერთებული შტატები მექსიკის პრეზიდენტს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ენერგოსადგურების საკეთილდღეოდ დარღვევაში ადანაშაულებენ.

მეორე მხრივ კი, კანადისა და მექსიკის ლიდერებთ აწუხებთ ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს და მაქსიმალურად წაახალისოს ქვეყნის შიდა წარმოება.

შეხვედრების უმთავრეს გზავნილებს შორის მხარეების უკეთესი კომუნიკაციისა და უფრო ძლიერი ჩრდილოეთ ამერიკის ხელშეწყობაა. ამასთან მოქალაქეების მიგრაციის ტალღებთან გამკლავება და სათბური გაზების გაფრქვევის შემცირება.

სამიტის უმთავრესი შეხვედრა კი სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი შეხვედრა იქნება, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე საათს გასტანს. ორშაბათს პრეზიდენტი ბაიდენი მექსიკელ კოლეგას შეხვდა, სამშაბათს კი შეხვედრა კანადის პრემიერთანაა დანიშნული.

მექსიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს კონტინენტზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მეტი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სწორედ ახლაა დრო, რომ დასრულდეს "ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის მიმართ დავიწყებისა და მიტოვების პოლიტიკა". პრეზიდენტმა ბაიდენმა კი იმ მილიარდობით დახარჯულ დოლარზე ისაუბრა, რასაც ამერიკა რეგიონსა და მსოფლიოში საგარეო დახმარების სახით გამოყოფს.

XS
SM
MD
LG