რუსეთის საჰაერო და დრონებით განხორციელებული იერიშების შემდეგ უკრაინის დედაქალაქის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
რეგიონის გუბერნატორი ოლექსი კულება ამბობს, რომ კიევის რეგიონის 80% უკვე მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იერიში ორშაბათს განხორციელდა, თუმცა ოქტომბრიდან მოყოლებული უკრაინის ქალაქებში ენერგო ობიექტები რუსული თავდასხმების უმთავრესი სამიზნეა.
"ელექტროენერგიის მარაგებთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკული რჩება. მტრის მიერ ყოველი დაბომბვის შემდეგ, აღდგენითი სამუშაოების კომპლექსურობა და ხანგრძლივობა კიდევ უფრო იზრდება", წერს კულება თავის "ტელეგრამ" არხზე.
უკრაინის ენერგო-ოპერატორმა "უკრენერგომ" განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე კიევის მოხმარების მხოლოდ ნახევრის მიწოდება შეუძლია. კიევის მეტრო დილის პიკის საათის დროს მცირე ხნით გაჩერდა, რადგან ელექტრომომარაგება სტაბილური არ იყო.
ასევე ნახეთ: რუსეთმა კიევზე თავდასხმისთვის კვლავ დრონები გამოიყენა"კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომარაგება პრიორიტეტია. ჩვენ ველით, რომ დღეს შევძლებთ ჩავრთოთ ის ტექნიკა, რომელიც მომარაგების გაზრდაში დაგვეხმარება, დეფიციტის მოცულობას შეამცირებს და მეტ მომხმარებელს მიაწვდის ენერგიას", - ვკითხულობთ "უკრენერგოს" განცხადებაში.
ელექტრომომარაგების შეზღუდვით მიწოდებასთან ერთად შეფერხებები ჩნდება წყლის მომარაგებაში, გათბობასა და სატელეფონო კავშირგაბმულობის მუშაობაშიც. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ოქტომბრიდან რუსეთი ენერგო-ობიექტებს მიზანმიმართულად უტევს, უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის 50 % დაზიანებულია. კიევში და მის შემოგარენში ტემპერატურა უარყოფითია.