უკრაინამ კიევზე რუსული საჰაერო თავდასხმა მოიგერია

კიევი კვლავ რუსული დრონების სამიზნე გახდა. რუსეთი უკრაინის არაერთ სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ასეთი პირველი თავდასხმა იყო. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე სერიოზული დაზიანების თავიდან არიდება შეძლო. პარალელურად, რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთში. ფრონტის მთელ ხაზზე, მძიმე საარტილერო და სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება.

ასევე ნახეთ: რა იწვევს რუსული თვითმფრინავების ჩამოვარდნას?

კიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას, ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რაც კიევის სამთავრობო კვარტალში, აფეთქებების ხმა გაისმა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იჰნატი ამბობს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ეფექტურია.

ასევე ნახეთ: რუსეთის უკან დახევამ უკრაინას ახალი იერიშებისთვის გზა გაუხსნა

„საჰაერო თავდაცვამ კარგად იმუშავა, 13 დრონი ჩამოვაგდეთ“ - განაცხადა იჰნატმა.

„ყოჩაღ, ვამაყობ!“ - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში.

ოლექსი კულებამ, კიევის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ რუსული დრონების უმეტესობა ჩამოაგეს, თუმცა მეტი დეტალის შესახებ არ უსაუბრია.

ბოლო პერიოდში, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მილიონობით უკრაინელი ცივ ზამთარში, გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალა

კიევმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად, 64 უკრაინელი ჯარსიკაცის და ამერიკის ერთი მოქალაქის გათავისუფლება მოახერხა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი, რომლებიც დონეცკსა და ლუჰანსკში იბრძოდნენ, განსაკუთრებით ბახმუტის დასაცავად, - შინ ბრუნდებიან“, - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტაბის უფროსმა, ანდრი ერმაკმა. ერმაკისვე განცხადებით გახდა ცნობილი, რომ გათავისუფლებულებს შორის ამერიკის მოქალაქე, სუედი მურეკეზიცაა.

სახეები ფრონტის ხაზიდან - ფოტორეპორტაჟი ბახმუტიდან და ლიმანიდან

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მურაკეზი აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, ივნისში, ანტირუსული პროტესტისა და „ეთნიკური სიძულვილის“ გაღვივების ბრალდებით დააკავეს.

აშშ-ის „პატრიოტის“ სისტემები უკრაინას

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის პატრიოტების სისტემის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს კარლა ბაბს პენტაგონში უდასტურებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ასევე ნახეთ: პენტაგონი უკრაინას "პატრიოტებს" გადასცემს

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „პატრიოტის“ სისტემები „დანამდვილებით“ იქნებოდა ლეგიტიმური სამიზნე რუსეთისთვის.

პატრიოტის სარაკეტო სისტემა ამერიკული "ხმელეთი-ჰაერის" სარაკეტო სისტემაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. მას ამერიკასთან ერთად პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები იყენებენ.

მანამდე, 12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უკრაინას მეტი მოწინავე იარაღი მიაწოდონ.