ფინეთის პარლამენტი ნატოს ხელშეკრულებას კენჭს უყრის

ფინეთის მთავრობა აცხადებს, რომ მან ოფიციალურად მიმართა პარლამენტს ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების რატიფიკაციის მოთხოვნით. ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისთვის ემზადება, თუმცა საბოლოო დასტურს კვლავ უნგრეთისა და თურქეთისგან ელოდება.

"ჩვენი წევრობის საკითხის წინ წაწევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინელებისთვის, არამედ - ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ.

მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანეს. 30 წევრიდან მათ უკვე 28-ის თანხმობა აქვთ.

უნგრეთი ამ საკითხის კენჭისყრას თებერვალში გეგმავს. თურქეთი კი, რომელიც ჩრდილო ევროპულ სახელმწიფოებს იმ პირების შეფარებაში სფებს ბრალს, ვისაც ის ტერორისტებად მიიჩნევს, კვლავ კონკრეტული პირობების შესრულებას და საბოლოო მოლაპარაკების შედეგებს ელოდება.

მაისში ნატოს წევრობას ფინეთის პარლამენტის 200 წევრიდან ხმა 188 წევრმა მისცა. ნატოს ხელშეკრულების დამტკიცებას მხოლოდ უბრალო უმრავლესობა სჭირდება. ეს ფინეთის არსებულ კანონმდებლობასა თუ შეიარაღებულ ძალებში კრიტიკულ ცვლილებებს არ მოითხოვს.