რუსეთი თურქეთს სირიაში იერიშისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა თურქეთს სირიაში მასშტაბური სახმელეთო იერიშისგან თავის შეკავება სთხოვა. ამის თაობაზე ოთხშაბათს რუსმა მომლაპარაკებელმა ალექსანდერ ლავრენტიევმა განაცხადა და თქვა, რომ ამგვარ ქმედებას შეუძლია ძალადობის ესკალაცია გამოიწვიოს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ამ კვირაში თქვა, რომ თურქეთი სირიაში ქურთ სამხედროებზე მიიტანს იერიშს. ამისთვის კი ტანკები და ჯარისკაცები მზად არიან. ცოტა ხნის წინ, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში თურქეთი სწორედ ქურთებს ადანაშაულებს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ არგუმენტებს ანკარაში მოისმენენ და ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზებსაც მონახავენ", - თქვა ლავრენტიევმა სირიის თაობაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების და ყაზახეთში თურქეთისა და ირანის დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, ქურთები "შეერთებული შტატების მძევლები არიან და ეს კონფლიქტის გადაწყვეტას ხელს უშლის.

სირიელი ქურთი სამხედროები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. თურქეთი მათ ტერორისტებს უწოდებს.