"ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რაც ჩვენ ვართ" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

"მიუხედავად იმისა, თუ რას აჩვენებს ამ არჩევნების საბოლოო შედეგები, მზად ვარ ვიმუშაო ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებთან. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი მოლოდინი, რომ რესპუბლიკელები ასევე მზად იქნებიან ჩემთან სამუშაოდ" - პრეზიდენტმა ბაიდენმა, განცხადება თეთრ სახლში, 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 8 ნოემბერი, როცა შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა, ამერიკული დემოკრატიისთვის "კარგი დღე იყო". ამასთან, ბაიდენმა ანალიტიკოსებისა და მედიის წინასაარჩევნო მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "გიგანტური წითელი ტალღის" შესახებ არსებული მოლოდინები არ გამართლდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრესა და ექსპერტები გიგანტურ წითელ ტალღას წინასწარმეტყველებდნენ, ეს არ მოხდა.
ჯო ბაიდენი

„ვფიქრობ ეს დემოკრატიისთვის კარგი დღე იყო და ვფიქრობს ეს დღე კარგი იყო ამერიკისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი დემოკრატია არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა, თავისი ხმით თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რაც ჩვენ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველა შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ მე არ ვიცი ყველა შედეგი, არის რაღაც, რაც ვიცით - მიუხედავად იმისა, რომ პრესა და ექსპერტები გიგანტურ წითელ ტალღას წინასწარმეტყველებდნენ, ეს არ მოხდა. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ ამომრჩევლებმა მკაფიოდ ისაუბრეს თავიანთ შეშფოთებებზე, მზარდ ფასებზე და ინფლაციის შემცირების აუცილებლობაზე. ჯერ კიდევ ბევრია, ვინც ამით ზარალდება. მათ ძალიან აწუხებთ კრიმინალი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. და მათ აქვთ მკაფიო, უტყუარი გზავნილი, რომ მათ სურთ, შეინარჩუნონ ჩვენი დემოკრატია და დაიცვან არჩევანის უფლება ამ ქვეყანაში" - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

Your browser doesn’t support HTML5

ჯო ბაიდენის განცხადება

არჩევნების წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე მოიპოვა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო მანდატებზე მეტი რაოდენობა. რაც იმას ნიშნავს, რომ კონგრესის ქვედა პალატას, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.

ასევე მართლდება მოლოდინები სენატის შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის კვლებეზე იყო დაფუძნებული. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ აქ პარტიებს შორის ბრძოლა უფრო მაღალკონკურენტული იქნებოდა.

სენატის კონტროლი ახლა 3 შტატის შედეგებზეა დამოკიდებული, სადაც ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. ესენია: არიზონა, ნევადა და ჯორჯია. თუმცა, ჯორჯის შტატის შედეგებმა, შესაძლოა მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა დააყენოს, სადაც რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების მიერ მიღებული ხმები, წინასწარი შედეგებით, ძალიან ახლოსაა. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მაშინ, როცა შუალედური არჩევნებში მოვლენები, მეტ-ნაკლებად, მოსალოდნელი სცენარით ვითარდება, ახლა არჩევნების საბოლოო შედეგებთან ერთად, ყურადღება ასევე მიმართულია დონალდ ტრამპის მიმართ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ 15 ნოემბერს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. არსებობს მოლოდინი, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადებს. სააგენტო როიტერისა და იპსოსის კვლევა აჩვენებს, რომ ამას რესპუბლიკელთა 60%-მდე უჭერს მხარს, 36 პროცენტი კი წინააღმდეგია.

რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებს და გაასაჯაროვებს.