აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ამის გამო უჭერს მხარს აშშ საქართველოში მედიის თავისუფლებას.
ასევე ნახეთ: სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა - აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება"მედიის თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამის გამო ვუჭერთ მხარს საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის მანძილზე. მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. ამას ამბობს როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს კონსტიტუცია.
ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველს და საძირკველს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - თქვა ელჩმა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ გვარამიას 50-ათასლარიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.