ზამთარის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი ცდილობს ევროპის გაყინვის მუქარის ფონზე, უკრაინულ ქალაქებში ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. მოსკოვი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს და მიზანში სტრატეგიული სამოქალაქო ობიექტებს იღებს, როგორიცაა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების წერტილები. თუმცა როგორც ევროპა, ასევე უკრაინა რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებს უმკლავდება.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზამთარი თავად რუსებისთვის გაცილებით რთული იქნება და აქცენტს ფრონტის ხაზზე აკეთებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით რუსული ჯარის რესურსი ფრონტზე, მხოლოდ თავდაცვითი მანევრების საშუალებას იძლევა.
ზამთარი ფრონტის ხაზზე
ზამთარი უკრაინის აღმოსავლეთში განსაკუთრებით ცივია. როგორც უკრაინელ ასევე რუს სამხედროებს რთულ პირობებში მოუწევთ ბრძოლა, იქნება ეს ყინვა, სველი ნიადაგი (რა დროსაც სამხედრო ტექნიკას გადაადგილება უჭირს), თუ ხილვადობის პრობლემები. ამ ფონზე, კრიტიკულია სამხედრო პერსონალის შესაბამისი აღჭურვა.
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი, „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ზამთარს უკრაინელი სამხედროები მომზადებულები ხვდებიან, რუს სამხედროებს კი „უიღბლო მამაკაცებს“ უწოდებს.
„უკრაინის გვერდით დგას 50 ქვეყანა, რომელიც უკრაინელ სამხედროებს უწევენ საჭირო სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს შესაბამის აღჭურვილობას, მათ შორის ტანსაცმელს ცივი ამინდისთვის და ა.შ. ეს მაშინ როცა რუსული ჯარის ლოჯისტიკური სისტემა მოშლილია. ახლა [რუსები] ამატებენ ათასობით მოუმზადებელ არადისციპლინირებულ სამხედროებს ფრონტზე, ეს ზრდის ლოჯისტიკის ტვირთს. ასე, რომ ამ უიღბლო მამაკაცებს დანამდვილებით არ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, რაც საჭიროა არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ მათი ეფექტურობისთვის [ზამთრის] საშინელ ამინდში,“- ამბობს ჰოჯესი.
იმას, რომ ფრონტის ხაზზე, რომ რუს სამხედროებს პრობლემები აქვთ, ამას შედეგებიც მოწმობს. უკრაინა აგვისტოდან მოყოლებული წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს, რის ფარგლებშიც ასობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსული ოკუპაციიდან. გენერალი ჰოჯესი ამბობს, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს.
„სველი ნიადაგი განსაკუთრებით იმ ნაწილში სადაც ახლა შეტაკებები მიმდინარეობს, მდინარე დნეპროს სამხრეთ მხარეს ყირიმამდე, სირთულეს ქმნის. ეს ნიადაგი… სამხედრო მანქანების გადაადგილებას ართულებს. ასე რომ შეიძლება [ამ ფაქტორმა] შეანელოს უკრაინის ოპერაციები. მაგრამ ჩემი აზრით უკრაინელები გააგრძელებენ ზეწოლას რუსულ შენაერთებზე. კიევს არ სურს რუსებს გადაჯგუფების საშუალება მისცენ, რომ მათ აღადგინონ და გააძლიერონ თავდაცვა. უკრაინელები ეძებენ გზებს, რათა შეინარჩუნონ ზეწოლა,“- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
ყირიმის დაბრუნება
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი, ერთ-ერთი იყო ვინც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამბობდა, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდოდა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდა. მას "ამერიკის ხმამ" ჰკითხა, რას შეიძლება ველოდოთ ახლო და შორ პერსპექტივაში. ის უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას პროგნოზირებს.
„ველოდები, რომ წლის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები განდევნიან რუსულ ძალებს 24 თებერვლის საწყის წერტილში. შემდეგ ორ თვეში, უკრაინელები დაიბრუნებენ იმ ტერიტორიებს, რომელიც რუსეთმა თებერვლის შემდეგ დაიკავა. ამის შემდეგ კი ჩვენ დავიწყებთ, ნაბიჯ-ნაბიჯს იმის ნახვას, როგორ დაიკავებენ უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ყირიმის გასათავისუფლებლად. ეს ნამდვილად [ასე იქნება] „- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თადარიგის გენერალი ჰოჯესი მიიჩნევს, რომ თუ როდის დასრულდება ომი ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა მისი ანალიზი უკრაინისთვის ამბიციურია. ის ფიქრობს, რომ კიევი მომდევნო წლის ზაფხულში ყირიმს დაიბრუნებს.
„უკრაინა აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს ყირიმის დაბრუნებას. მე ამას ველოდები მომდევნო წელს. 2023 წლის ზაფხულში უკრაინული ჯარები გაათავისუფლებენ ყირიმს“- ამბობს ჰოჯესი.
რა ჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის?
იმისათვის, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზზე დომინირება შეინარჩუნოს და რუსეთთან ომში გამარჯვება შეძლოს, კიევის თქმით, მნიშვნელოვანი ასპექტი დასავლური დახმარების გაგრძელებაა. დასავლეთში აცხადებენ რომ ერთიანი რჩებიან უკრიანის დახმარების კუთხით და მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ უკრაინას ამის საჭიროება ექნება.
თუმცა კიევი ამბობს, რომ მისი ძალების წინსვლისთვის უფრო მეტია იარაღია საჭირო და უფრო სწრაფად. უკრაინის ხელისუფლება დასავლეთისგან მეტ საჰაერო სისტემებს ითხოვს, რომლითაც უკრაინული ქალაქების დაცვა იქნება შესაძლებელი, რუსული ცეცხლისგან. კიევის პოზიციას იზიარებს ბენ ჰოჯესიც.
„ეჭვგარეშეა, რომ პირველი პრიორიტეტი რომელიც კიევისგან გვესმის და მეც ვიზიარებ არის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა. რუსები აშკარას კარგავენ პოზიციებს ყველა ასპექტში, ხმელეთზეც და შავ ზღვაშიც. სწორედ ამიტომ მათი პასუხი არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ელექტროგადამცემი ქსელების, საცხოვრებელი კორპუსების და ა.შ. რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადონ. ასე რომ უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან თავი, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა,“ _ ამბობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი.
გარდა ამისა, ფრონტის ხაზზე კიევის თქმით, უფრო მეტი მძიმე სამხედრო ტექნიკაა საჭირო. თადარიგის გენერალი ჰოჯესი ამბობს, რომ აქცენტი ისეთ არტილერიაზე უნდა გაკეთდეს, რომელიც სველ ნიადაგზე შედარებით მარტივად გადაადგილდება.
„მეორე პრიორიტეტი კიევისთვის ჰაიმარსებისა და ამ ტიპის სისტემების მიწოდების გაგრძელებაა. უკრაინელები ითოხვენ ტანკებს, სამხედრო მანქანებს, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ეფექტურად იმოძრაონ სველ ნიადაგზე. ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს კიევისთვის აბრამსის ტიპის ტანკების მიწოდება, ხოლო გერმანიამ ლეოპარდების. მე მსმენია მიზეზები თუ რატომ არ ხდება ეს, თუმცა ეს მხოლოდ საბაბებია. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე [ბაიდენის ] ადმინისტრაციის პოზიციას არ ვეთანხმები. აბრამსის ტიპის ტანკების მიწოდება [უკრაინელებს] საშუალებას მისცემს უფრო წინ წავიდნენ. მე ვფიქრობ ზედმეტად სერიოზულად ვაფასებთ ზოგიერთ რისკს,“_ ამბობს ჰოჯესი.
მაშინ როცა ფრონტის ხაზზე რუსულ ჯარს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, კრემლი აქცენტს ფრონტს მიღმა აკეთებს. ბომბავს ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქს. პარალელურად უფრო და უფრო მკაცრია საერთაშორისო რეაქციები და მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში, სულ უფრო ხშირად მოჰყვება შეფასება - „ტერორისტული აქტი“.