ირკვევა, რომ რუსეთში საქართველოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე გამოკვეთილად ასაკოვან ადამიანებს აქვთ. საუბარია 55 წლის და ზევით ადამიანებზე. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც რუსეთში „ლევადა“ ცენტრმა ჩაატარა.
მისი შედეგების მიხედვით, გამოკითხული 55+ ასაკის ადამიანებიდან 38%-ს საქართველოს მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს, მაშინ როცა 18-24 წლის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს. 25-39 წლის კატეგორიაში იგივე მაჩვენებელი უდრის 21-ს, ხოლო 40-54 წლოვანთა კატეგორიაში - 30-ს პროცენტს.
Your browser doesn’t support HTML5
კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს მიმართ, 3 არჩევანი იყო: კარგი, ცუდი და არ ვიცი. მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- 18-24 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 76%; ცუდი -16%; არ ვიცი 8%
- 25-39 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 67%; ცუდი 21%; არ ვიცი 12%
- 40-54 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 53%; ცუდი 30%; არ ვიცი 17%
- 55+ კარგი დამოკიდებულება მაქვს 46%; ცუდი 38; არ ვიცი 16%
კვლევის მიხედვით ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება, თუმცა მონაცემი გამოკვეთილად მაღალია ახალგაზრდებში, სადაც პროცენტული მაჩვენებელი 76%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მონაცემები აგვისტოს შემდეგ შეიცვალა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელი დადებითობისკენ შეიცვალა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1612 ადამიანი, მათგან საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 57%-ს, 29-ს კი - უარყოფითი.