ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც არაფორმალური შეხვედრებისთვის პრაღაში შეიკრიბნენ, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ ბლოკის წევრი ქვეყნების ვიზების აღების პროცესის გამკაცრებაზე შეთანხმდებიან. რუსებს უფრო დიდი ხნით დაცდა და მეტის გადახდაც მოუწევთ იმისთვის, რომ ევროპაში მოგზაურობა შეძლონ. ამის შესახებ დიპლომატები „როიტერს“ ეუბნებიან, თუმცა ბლოკის წევრები ერთსულოვან გადაწყვეტილებას უფრო მკაცრ ზომებზე ჯერჯერობით ვერ აღწევენ.
გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ ყველა „რიგითი რუსისთვის“ ვიზების შეზღუდვა საპირისპირო შედეგს გამოიწვევს. ლიდერებს კომპრომისულ ვარიანტად ევროკავშირსა და მოსკოვს შორის „სავიზო ფასილიტაციის ხელშეკრულების“ გაუქმება მიაჩნიათ.
ასევე ნახეთ: "ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა უფლება" - რა ახალი შეზღუდვები ემუქრებათ რუს ტურისტებს?ჯოზეფ ბორელმა - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - თქვა, რომ ის ევროკავშირის მხრიდან მოსკოვის მიმართ სადამსჯელო ზომების გააქტიურებას მოელის, თუმცა არ ემხრობა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების მიღების სრულ აკრძალვას.
ვიზების შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ამ ზაფხულს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 27-წევრიანი ბლოკი ამ საკითხზე ამ ეტაპზე ვერ თანხმდება. რამდენიმე მოწინააღმდეგე ქვეყანას შორისაა გერმანიაც.
"უკვე იყო [სავიზო რეჟიმის] ნაწილობრივი შეზღუდვა. და ვფიქრობ კვლავ იქნება ნაბიჯები ამ მიმართულებით. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს იქნება სრული აკრძალვა. მე არ ვიქნებოდი მომხრე იმისა, რომ მეთქვა, არც ერთ რუსს, არასდროს, არანაირი მიზეზით არ შეეძლოს ევროპაში წასვლა. მაგრამ ეს ევროკავშირის მინისტრების გადასაწყვეტია", - ამბობს ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
პრაღაში არაოფიციალური შეხვედრები 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ფასილიტაციის შესახებ შეთანხმების გაუქმება თითქმის დანამდვილებით გადაწყვეტილია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ შეზღუდვების ზედმეტი გამკაცრება იმ დისიდენტების დასჯასაც გამოიწვევს, რომლებიც რუსეთის დატოვებას ცდილობენ.
"გამოვთქვამთ გაფრთხილებას ჩვენი სავიზო პოლიტიკის ფართო შეზღუდვების წინააღმდეგ. ეს იმისთვის, რომ შევძლოთ რუსული ნარატივების, ე.წ. დროშის ირგვლივ გაერთიანების ეფექტისა და მომავალი თაობების გაუცხოების თავიდან აცილება", - ვკითხულობთ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ კოლეგებს არ ეთანხმება და მოკავშირეებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ სავიზო შეზრუდვებზე, რადგან ამ კუთხით მარცხი ეს "ეშმაკთან კომპრომისის" ტოლფასი იქნება: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის საზოგადოებაზე წნეხისთვის. ჩვენ ასევე უნდა გამოვფხიზლდეთ, ეს მათი მორალური პასუხისმგებლობაცაა, რომ მათი პასიურობა ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევს ამ საშინელებებს, რომლებსაც რეჟიმი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის", - უთხრა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა "რადიო თავისუფლებას" პრაღაში. "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ და ვაჩვენოთ ჩვენი თავდადება იმისადმი, რომ ჩვენი ნება რუსეთის ნებაზე ძლიერია. მივდივართ კომპრომისზე ეშმაკთან?" - დასძინა მან.
სავიზო ფასილიტაციის შესახებ მოსკოვსა და ევროკავშირს შორის 2007 წელს მიღწეული შეთანხმება 24 თებერვლის შემდეგ ნაწილობრივ ისედაც შეიზღუდა. სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდათ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრებს და სხვა პოლიტიკოსებს, მათ შორის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. თუმცა რუსეთის სხვა მოქალაქეებს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო პროცესით სარგებლობა კვლავ შეეძლოთ, მათ შორის იყო ლოდინის ნაკლები ვადები, ნაკლები გადასახადი და სავიზო განაცხადთან ერთად წარსადგენად საჭირო ნაკლები დოკუმენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ თვეში ევროკავშირს არაერთხელ მოუწოდა დასაჯოს მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გამო და შეზღუდოს მოგზაურობის შესაძლებლობებიც.
ბორელი ამბობს, რომ მინისტრები სავარაუდოდ სწორედ სავიზო ფასილიტაციის პროცესის შეცვლაზე შეთანხმდებიან, რათა ამა თუ იმ ადამიანების მიმართ კონკრეტული ზომები შეიცვალოს და შეზღუდვები "სელექციური" იყოს და არა - ყველა რუსის მიმართ დაწესებული.
ასევე ნახეთ: ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას დრამატულად ზღუდავს"ძალიან ბევრ ადამიანს რუსეთის დატოვება სურს. 300 000-ზე მეტი ადამიანმა ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა. მათი უმეტესობა პროფესიონალია, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებსაც აღარ სურთ რუსეთში დარჩენა. მათ არ უნდათ ომში წასვლა, ისინი არ უჭერენ მხარს ომს, არ სურთ პუტინის რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება. არ მგონია რომ ამ ადამიანებს კარი უნდა დავუკეტოთ", - ამბობს ბორელი.
უკრაიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ დასავლეთში მოგზაურობას რუსების მოსაზრებების შეცვლა არ შეუძლია და მოსკოვმა საქართველოსა და ყირიმის ოკუპაცია სწორედ ევროკავშირთან 2007 წელს სავიზო ფასილიტაციის შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. "ევროკავშირში მოგზაურობას ნულოვანი გარდამქმნელი ეფექტი ჰქონდა რუსეთზე. რუსეთის გარდასაქმნელად კარი დაუხურეთ რუს ტურისტებს!" - მოუწოდა მან დასავლელ ლიდერებს.
თუმცა, უკვე არსებობს ერთგვარი რეგიონული აკრძალვა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის მათ, ვისაც რუსეთთან საზღვრები აქვს - ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა - უკვე აამოქმედეს რუსი ტურისტების მიმართ უფრო შემზღუდავი და მკაცრი პოლიტიკა. მაშინ, როცა ევროპის ცა რუსეთის მოქალაქეებისა და ავიახაზებისთვის დაკეტილია, მოგზაურთა უმეტესობა ევროპაში შესვლას სწორედ მეზობელი სახელმწიფოების სახმელეთო საზღვრიდან ახერხებდა. ამავე ქვეყნების ნაწილი მასშტაბური შეზღუდვების მომხრეცაა, თუმცა თუკი ევროკავშირი კონსენსუსს ვერ მიაღწევს, "ქვეყნებმა, რომლებზეც რუსი ტურისტების ნაკადი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, შესაძლოა რეგიონული გამოსავალი მონახონ", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლენდსბერგისი.
ამავე დროს, ზოგიერთმა ქვეყანამ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ესტონეთმა რუსეთის 50 000-მდე მოქალაქეს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული ევროკავშირის ვიზები, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
კრემლი სავიზო შეზღუდვებზე დისკუსიებსაც კი "არარაციონალურს" უწოდებს და დასავლეთის ქვეყნებში ამგვარ მოწოდებებს "ანტირუსული დღის წესრიგის" ნაწილად მიიჩნევს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. "ნაბიჯ-ნაბიჯ, სამწუხაროდ ბრიუსელიც და ცალკეული ევროპული დედაქალაქებიც წარმოაჩენენ აბსოლუტურ არაგონივრულობას". ამბობს პესკოვი.