ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინას: "არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ"

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის 83 წლისთავზე, როცა ევროპა, კონტინენტზე ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლებს მიაგებს პატივს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიაენმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა ევროპაში ომის ნგრევა და საშინელებები დააბრუნა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, “უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი კავშირია აგებული”. მისი განმარტებით, "ევროკომისია გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმ დროის განმავლობაში, რაც საჭირო იქნება, არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ!" - მიმართავს ის უკრაინას.

„წარსულის მტკივნეული ხსოვნა არ არის მხოლოდ შორეული მოგონება, არამედ ამან გამოძახილი ჰპოვა რუსეთის უკანონო და გაუმართლებელ ომში უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

"[ის] ამახინჯებს ისტორიას, ავრცელებს შეთქმულების თეორიებს და სჯის მათ, ვინც მას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიაენი და დასძენს, რომ ევროკომისია მტკიცედ გააგრძელებს მუშაობას დეზინფორმაციის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფს, რომ ისინი, "ვინც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იდგა, არ დაივიწყონ.