ბრიტანეთი რუსი ოფიციალური პირების სანქცირებას აგრძელებს

ბრიტანეთი აცხადებს, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის პროვინციებში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ადგილობრივ ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. 42 ახლადსანქცირებულთა შორის ასევე არის რუსეთის 29 გუბერნატორიც.

ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუსეთის იუსტიციის მინისტრსა და მინისტრის მოადგილესაც, ასევე რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის ორ ახლო ნათესავს. თავად უსმანოვი ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში მარტში შეიყვანა.

"ჩვენ განვაგრძობთ მკაცრი სანქციების დაწესებას მათზე, ვინც ცდილობს, რომ უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრა გაამართლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და გამოკითხვებში, ლიდერობს კიდეც.

ასევე ნახეთ: ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი არასაკმარისია

მოგზაურობა შეეზღუდებათ და ქონება გაეყინებათ ვიტალი ხოცენკოსა და ვლადისლავ კუზნეცოვს, რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების პრემიერსა და პირველ მოადგილეს.

"ხოცენკო და კუზნეცოვი რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე რუსეთის პოლიტიკის გასატარებლად არიან წარგზავნილნი, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ პუტინის გეგმას და იყენებენ ყალბ რეფერენდუმებს იმისთვის, რომ ასევე ყალბად შეძლონ ოკუპაციის ლეგიტიმიზაცია", - ვკითხულობთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ ქვეყანამ ამ დრომდე 1 100-მდე პირი და 100-ზე მეტი ორგანიზაცია/კომპანია დაასანქცირა რუსეთში. მათ შორის არიან მაღალი რანგის ბიზნესმენები და ცნობილი პოლიტიკოსები.