ევროპულმა საბჭომ 24 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მათთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველომაც მიიღო, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს ჯერ წინაპირობები აქვს დასაკმაყოფილებელი. ამ პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ახლო და საშუალო პერსპექტივაში, "ამერიკის ხმა" საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ესაუბრა.
ჰარცელი ამბობს, რომ ქვეყნის ევროპული მომვალისთვის, დროა ყველა მხარემ საკუთარი პარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს და პოლიტიკური გამბედაობა გამოიჩინოს მოლაპარაკებებში ჩასართავად, რაც კომპრომისის გამონახვის საშუალებას გააჩენს. ელჩ ჰარცელს ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო კარლ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. დავიწყოთ იმით, რომ 24 ივნისს ევროსაბჭომ მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. რას ნიშნავს ეს განსხვავება სამ ქვეყანას შორის - ამაზე საუბრით დავიწყოთ.
Your browser doesn’t support HTML5
დავიწყებ სამი ქვეყნის გადაწყვეტილებებისთვის საერთო საკითხით, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტურია. სამივე ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა და მტკიცე დასტური ევროკავშირისგან, რომ ერთ დღეს, სამივე ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მოხდებოდა. ეს ფუნდამენტური, ისტორიული მოვლენაა. ამავდროულად, სამ გადაწყვეტილებას შორის განსხვავება ნიშნავს, რომ საქართველომ აშკარად არასახარბიელო შედეგი მიიღო. ამ გადაწყვეტილებაში ასევე ნათლად არის ჩამოყალიბებული შემდგომი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტული საკითხის საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, საქართველომ ამ 12 საკითხზე უნდა იმუშაოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გასცდეს კიდეც ამ ზღვარს და ეს მხოლოდ საქართველოს ხელშია.
რა თქმა უნდა, ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა საქართველომ ამ ორ ქვეყანასთან შედარებით მაინც ნაკლები მიიღო. რა უნდა გააკეთოს საქართველომ გზაზე დასაბრუნებლად?
ვფიქრობ, მესიჯი ძალიან ნათელია. ახლა საჭიროა იმ 12 პრიორიტეტზე რეაგირება, რომელიც კომისიამ განსაზღვრა და ევროკავშირის საბჭომ მოიწონა. თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა ამავდროულად, არ არის მარტივი, რადგან მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ისევე როგორც აუცილებლად გახდება საჭირო უფრო მტკიცე პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება ამ პროცესისა და დღის წესრიგის გარშემო. ეს შესაძლებელია და საქართველომ წარსულში ეს უკვე აჩვენა. ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა საჭიროა პროცესის გაძღოლა პოლიტიკურად.
დეპოლარიზაცია 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია. თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შეხება პოლიტიკოსებთან და ალბათ ატყობთ, რომ პოლარიზაციის ხარისხი ქვეყანაში უკიდურესად მაღალია. როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, განსაკუთრებით, პროგრესის დეკემბრამდე საჩვენებლად?
ყველამ ვიცით, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა. ჩემი აზრით, პოლარიზაცია ამ კონტექსტში პროცესის დასაწყისშიც არის და დასასრულშიც. დასაწყისშივე, ახლავე, საჭიროა მხარეები როგორმე შეიკრიბონ და დაიწყონ განხილვა როგორც თავად პროცესის, ისე ამ პროცესის მიზნების და არსის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ [ადამიანს] მოვუყაროთ თავი ამ დღის წესრიგისა და პროცესის მხარდასაჭერად.
ასევე ნახეთ: კარლ ჰარცელი დე-ოლიგარქიზაციაზესაბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს წარმატების მომტანი იქნება ამ პრიორიტეტების რეალურად განხორციელების მიმართულებით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება, სულ მცირე, კიდევ ერთი ბიძგი შემდგომი დეპოლარიზაციისკენ. ასე რომ, გარკვეულწილად, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ხედვა, რომელიც უნდა წარმართავდეს მოქმედებებს. თქვენ ნახეთ, რომ კომისიის დასკვნაში მითითებულია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელია. ეს შემთხვევითი არ არის. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ სახის პარტიათაშორისი ჩართულობა იქნება საჭირო საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის.
საბოლოო ჯამში, საჭირო იქნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარი და ყველას გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება. ეს სწორედ ის არის, რის დანახვაც ევროკომისიასა და ევროკავშირს სურთ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.
მოხარული ვარ, რომ დისკუსია უკვე დაიწყო. ჩვენ ვნახეთ იდეები და წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან და სხვებისგან. ამ ყველაფრის არსს თუ დავაკვირდებით -- როგორც პროცესს, ასევე შინაარსს -- ვხედავ საწყის წერტილს დისკუსიაში ჩართვისთვის, რომელიც შეძლებს წამოყენებული სხვადასხვა იდეისა და შემოთავაზებული ელემენტების გაერთიანებას. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში საჭირო იქნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარი და ყველას გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება. ეს სწორედ ის არის, რის დანახვაც ევროკომისიასა და ევროკავშირს სურთ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.
პოლარიზაციასთან ერთად, ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაცია არის. ეს უკრაინას და მოლდოვასაც ეხება. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, დოკუმენტში ოლიგარქები მრავლობითშია მოცემული. ამის გამო, საქართველოში დაიწყო დისკუსია და იმის ინტერპრეტაცია, თუ სინამდვილეში რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. თუ შეიძლება განმარტეთ ვის ეხება ეს ტერმინი და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია?
ჩემი აზრით, კომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ, მათ შორის, დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. როგორც თქვენ ახსენეთ, მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს და მნიშვნელოვანია არასაჭირო ინტერესებს -- იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის ინტერესები -- ამ ბალანსზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს.
გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს - რაც მე ძალიან მომეწონა - იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რომ რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას.
პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის, თუ გნებავთ, ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც არის საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა გზა იმისთვის, თუ ამას როგორ უნდა მივუდგეთ. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს. გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს - რაც მე ძალიან მომეწონა - იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას. რადგან თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს არის დისკუსიის კარგი საწყისი წერტილი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები.
საქართველოს უკრაინისა და მოლდოვასგან გამოყოფა მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საქართველო მათ ჩამორჩება? თქვენ ამ საკითხზე ერთგვარად მიანიშნეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში. თუ შეიძლება განმარტეთ ეს საკითხი.
კომისიის მხრიდან ეს გადაწყვეტილებები და შეფასებები არის საწყისი წერტილი და ყოველთვის განსაზღვრავს სტანდარტებსა და ობიექტურ კრიტერიუმებს. გადაწყვეტილებების ფოკუსი ცხადია, უკავშირდება იმას, რაც ევროკავშირისათვის ფუნდამენტურია, ჩვენს ღირებულებებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. ეს არის საძირკველი, რომელზეც ევროკავშირი აშენდა. ესაა ასევე ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ მთელ მსოფლიოში მხარს ვუჭერთ. აქ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, დემოკრატიაზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ეს იყო სწორედ მთავარი საკითხები იმის განსასაზღვრად, თუ როგორი იყო თითოეული ქვეყნის პროგრესი ამ მიმართულებით და ამ მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის რა არის საჭირო.
ასევე ნახეთ: კარლ ჰარცელი პოლარიზაციაზეკანონმდებლობა და რეგულაციები კომისიის შემდგომი შეფასებების ნაწილი იქნება, მაგრამ ამაზე ვიტყოდი, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მრავალი წარმატებული რეფორმის წყალობით, საქართველო საკმაოდ მყარ საფუძველზე დგას. ამ კუთხით, საქართველოს ექნება ყველა შესაძლებლობა წინ წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ საქართველო მყარ ნიადაგზე დგას.
ჩვენ, ძირითადად, ზოგადი ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ - მაგალითად, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. თქვენი აზრით, რა არის ის კონკრეტული პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას? როგორ უნდა მიუდგეს საქართველო ამ პროცესის დაწყებას?
ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ -- როგორღაც უნდა მოხერხდეს ყველას შეკრება ერთი მაგიდის გარშემო, შეკრება პროცესზე, შინაარსსა და მიზანზე სასაუბროდ და უნდა იყოს დისკუსიის რაც შეიძლება ფართო საწყისი წერტილი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ სხვადასხვა პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა. ჩემი ზარით, ეს არის ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ახლა არის დრო, როცა ევროპა აკვირდება რეგიონს, აკვირდება საქართველოს და ეს არის იმის დემონსტრირების შესაძლებლობა, რომ სამივე ქვეყნისგან არის სრული მზაობა და სურვილი, სერიოზულად აღიქვან მიცემული შესაძლებლობები და წინ წავიდნენ.
პოლარიზაციას, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ხელს უწყობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და გავლენიანი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება. როგორ ფიქრობთ, ამ დაკავებებმა იქონია თუ არა გავლენა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე?
მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არ აყალიბებს საკუთარ პოზიციას რომელიმე ამ ცალკეული საქმის მიმართ. რასაც ორივე შემთხვევაში ვითხოვთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ დავინახოთ სათანადო სამართლებრივი პროცესი. ამავდროულად, ეს ორი საქმე მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გარკვეული პერიოდის მანძილზე სთხოვდა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ძალისხმევა გაეძლიერებინა. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასევე ასახულია ევროკომისიის პრიორიტეტებში.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის სიტუაციას, უკვე მრავალი თვეა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რასაც ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, რომ მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას, განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ასევე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვის ქონაზე აქვს წვდომა. იგივე პრინციპები უნდა იქნას გამოყენებული ბატონი გვარამიას შემთხვევაშიც.
დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა.
დამატებით, ვიტყოდი რომ, როგორც თქვენც ახსენეთ, ჩვენ ასევე ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული. ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ საქმის განაჩენთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ეს კომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული.
პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ქვეყნის მთავრობაზე მოდის. ამას ჩემი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ რეფორმების განსახორციელებლად ოპოზიციას ხელი მთავრობამ უნდა გაუწოდოს, თუმცა ამ პროცესში როლი ოპოზიციასაც აქვს. თქვენი აზრით, რა არის ოპოზიციის როლი დღეს?
მე მეორე მოსაზრებას ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავდროულად, როგორც უკვე ბევრი კვირაა ვამბობ, ეს კონკრეტული მომენტი აშკარად მთელი პოლიტიკური ელიტის ერთად დასხდომის საფუძველია. დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა.
ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა, მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა. იმ მხარეებიდან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - მე ვიგებ, შენ აგებ - ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ.
კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური, საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის გატარება და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება -- მათ შორის, გენერალურ პროკურატურაში -- ვფიქრობ გაგზავნის მძლავრ მესიჯებს იმაზე, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ეს მინიშნებები კომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც არის.
კიდევ ერთი, რაც საქართველოს სჭირდება, არის სასამართლო სისტემა, რომელიც აღქმული იქნება როგორც სამართლიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული. დღეს რომ შეგეძლოთ ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სასამართლო სისტემის შესაკეთებლად, რა იქნებოდა ეს?
ვშიშობ, რომ სწრაფი გამოსწორება არ მგონია შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება იმის კითხვა, თუ სად უნდა დავიწყოთ და შემდეგ რა მიმართულებით წავიდეთ. აქ მე შთაგონების მიღებისთვის 19 აპრილის შეთანხმებას მივმართავდი, რომელიც ვფიქრობ, მრავალი თვალსაზრისით ასახავს რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს, რომელში მიღწეული პროგრესიც ძალზედ მომგებიანი იქნებოდა. მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის გატარება და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება -- მათ შორის, გენერალურ პროკურატურაში -- ვფიქრობ გაგზავნის მძლავრ მესიჯებს იმაზე, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ეს მინიშნებები კომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც არის.
იმასთან ერთად, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხართ, თქვენ ასევე ხართ შვედი დიპლომატი. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის მხრიდან შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან უცნაური მესიჯები გაჟღერდა. ჯერ პრემიერ-მინისტრმა მისი ცოლი ფაქტობრივად კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა და შემდეგ იგივე გზავნილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც გაიმეორა. პირველ რიგში რას ფიქრობთ ამაზე და ასევე, რამდენად ეხმარება საქართველოს ასეთ მაღალი სცენიდან ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ვფიქრობ, არის რამდენიმე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომლებსაც ასე რომ ვთქვათ, იგივენაირად მოექცნენ. მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ეს საერთაშორისო დიპლომატიაში საკმაოდ უცნაურ ჩვევად არის მიჩნეული -- ასე რომ ვთქვათ -- და ალბათ კარგი მიზეზის გამოც.
როგორ უყურებთ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების კრიტიკას ზოგადად - იქნება ეს ევროპის პარლამენტი, პარლამენტის წევრები თუ სხვა? რამდენად ეხმარება ეს საქართველოს დაწინაურებაში? ეს კითხვა ერთგვარად ჩემ წინა შეკითხვასაც უკავშირდება, მაგრამ ახლა უფრო მეტად ევროპულ ინსტიტუციებზე გეკითხებით.
მე შემიძლია პატივისცემით გავუგო ყველას, ვინც სასოწარკვეთილია არსებული სიტუაციით და უფრო სწრაფად სურს წინსვლა. ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა პოლიტიკური მხარისგან, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. მთავარი აქ არის ის, რომ იმედგაცრუება გამოყენებული იქნას, როგორც სტიმული უფრო გადამწყვეტი და უწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებს დაუმტკიცოთ, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებასა და შეშფოთებაში ცდებიან და რაც მთავარია, დააწინაუროთ ქვეყნის პრო-ევროპული დღის წესრიგი. ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია.
რაც მე მაშინებს არის ის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. კრიტიკის ეს კატეგორია, ჩემი აზრით, ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა საქართველოსთვის და ასევე საზიანოა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის.
ასევე ნახეთ: შაჰინი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაშიფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ქვეყანა რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე. ეს უნარი ცხადად ჩანს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია, არის ის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. ეს უზარმაზარი ძალაა. ეს, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო შეუჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის და როგორ მოხდება.
ეს ინტერვიუს ძალიან ოპტიმისტური დასასრულია, თუმცა, სანამ დავამთავრებთ, მინდა საქართველოში თქვენს მუშაობაზე გკითხოთ. თქვენი მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში დასრულდება. ამ დროის განმავლობაში რა იყო ისეთი, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდებათ? რამაც ყველაზე მეტად გაგაკვირვათ?
ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს.
როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, მეტესთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია.
თქვენც ერთგვარად განსაკუთრებული ელჩი ხართ იმ მხრივ, რომ მე პირადად, არასოდეს მომისმენია რომელიმე ელჩს ასე კარგად ემღეროს ძალიან რთული ქართული სიმღერა „ყვითელი ფოთლები“. საიდან გაჩნდა ეს იდეა?
ეს იმ მოულოდნელი სიყვარულის ამბავივით იყო. ბანკეტზე ვიყავი, როცა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭების ტრიომ ეს სიმღერა – ყვითელი ფოთლები – იმღერა. ვიჯექი და პირველად ვისმენდი ამ სიმღერას. მართლა გაოგნებული ვიყავი მისი სილამაზით. ამის შემდეგ სახლში დავბრუნდით და ჩემს ცოლს ვკითხე: შეგიძლია ეს სიმღერა მასწავლოთქო და მისი დახმარებით ვისწავლე. მერე მომეცა საშუალება, ის ტელევიზიით მემღერა. ვიფიქრე, რატომაც არა, შემიძლია ვცადოთქო. ეს ნამდვილად ერთ-ერთი უძვირფასესი სიმღერა და ნამდვილი მარგალიტია იმ სიმღერებს შორის, რომლებიც საქართველოში მოვისმინე.