„უნდა გესმოდეთ, რომ ეს არაა მორიგი ბრძოლა ამომრჩევლისთვის. პოლიტიკური განსხვავებები იმდენად დიდი არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები გადაფაროს“, - ასე მიმართავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია, რომ ქვეყნის დასავლური მომავალი არ იყოს საკმარისი მიზანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთის დადანაშაულების პრაქტიკას გასცდნენ და ერთად იმუშაონ.
ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება გაუხსნას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ბლოკის წევრობის გზა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადია. საქართველოს გამოყოფა კი „ასოცირებული ტრიოდან“ მისი აზრით, იმის ნიშანია, რომ „საქმე დამთავრებული არ არის“ და პოლიტიკური პარტიები იმაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას, „რაც ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი“.
პასუხისმგებლობა პირველ ყოვლისა მთავრობას ეკისრება, რადგან ყველა ამ რეფორმაზე პასუხისმგებელი ისაა. როდესაც ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იყო მიღწეული, ის სწორედ სამთავრობო პარტიამ დატოვა",- ლინას ლინკევიჩიუსი
„მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა, თუკი შეძლებდით აჩვენოთ ყველას, რომ მოახერხეთ განსხვავებების გადალახვა და გაერთიანება, რომ ეს განსხვავებები არაა იმდენად დიდი, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები გადაფაროს. მჯერა, რომ ეს არც ისე ძნელი გასაკეთებელია, უბრალოდ საჭიროა იმის გააზრება, თუ რამდენად სერიოზული საკითხია. ეს არაა მორიგი ტაქტიკური თამაში, ან - მორიგი არჩევნები და ბრძოლა ელექტორატისთვის. ეს ამაზე მეტია, ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ერისთვის და არ უნდა დაკარგოთ ეს მომენტი. ჩემი აზრით, ეს არაა დაკარგული შესაძლებლობა, ეს არის გადადებული შესაძლებლობა, მაგრამ ესაა შეხსენება, რომ ამ მიღწევის უკან კონკრეტული ძალისხმევა უნდა იდგეს“, - ამბობს ლინკევიჩიუსი და განმარტავს, რომ ქვეყანას 12 ძალიან კონკრეტული პირობა წარუდგინეს, არც კრიტიკა ყოფილა უსაფუძვლო და ურთიერთბრალდებებიც დაგვიანებულია.
„ეს კრიტიკა უმიზეზო, უსაფუძვლო არ ყოფილა. მოდით, ვაღიაროთ, პოლიტიკური პოლარიზაცია ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, გვესმოდა, როგორ განცხადებებს აკეთებდა ევროპარლამენტი. განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნაც არ არის ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების კარგი ილუსტრაცია“, - ამბობს ლინკევიჩიუსი.
23 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გარკვეული დათქმებით, თუმცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველომ კი ჯერ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს და მისი „ევროპული პერსპექტივა“ კანდიდატობად მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა. ევროპელი ლიდერები ქვეყანას დეოლიგარქიზაციის, პოლარიზაციის შემცირების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუველი დიპლომატის აზრით, პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე ერთობლივად უნდა იმუშაოს, ლინკევიჩიუსი პასუხისმგებლობას მაინც მთავრობას აკისრებს, რადგან მისი აზრით, დაუსრულებელ ან განუხორციელებელ რეფორმებზე პასუხისმგებელნი სწორედ არჩეული ლიდერები არიან.
„პასუხისმგებლობა პირველ ყოვლისა მთავრობას ეკისრება, რადგან ყველა ამ რეფორმაზე პასუხისმგებელი ისაა. როდესაც ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იყო მიღწეული, ის სწორედ სამთავრობო პარტიამ დატოვა. ეს იყო კიდევ ერთი ძალისხმევა, რომ კონსოლიდაციის ნიშნები გამოჩენილიყო. მთავრობა ყოველთვის უფრო მეტადაა პასუხისმგებელი, ვიდრე - ოპოზიცია, რადგან მთავრობაა ქვეყნის სათავეში. ოპოზიციის დადანაშაულება ვერ იქნება მართებული და ახლა, ასეთ სიტუაციაში საერთოდ, ერთმანეთის დადანაშაულებაც არ არის სწორი მიდგომა, სჯობს იმაზე კონცენტრირება, თუ რისი გაკეთება შეიძლება ერთად“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობამდე ნატოში ლიეტუვის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელიც იყო.
მათ შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობას, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სტაბილურობა და სხვა ტიპის პროგრესი",- პოლ სტრონსკი
1 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულების მთავრობისეული ხედვა წარმოადგინა. პუნქტების უმრავლესობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი სამთავრობო-საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების შექმნას აპირებს. ხელისუფლების კურსით უკმაყოფილო მოქალაქეები კი თბილისში, 3 ივლისს მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე აპირებენ გამოსვლას.
მაშინ, როცა ევროპელი მეგობრები საქართველოს სწორედ დაპირისპირების შემცირების, რადიკალური პოზიციების დაახლოებისა და გადაკვეთის წერტილად დასავლური მომავლის დასახვისკენ მოუწოდებენ, ქვეყანაში პოლიტიკური მხარეების რიტორიკა კვლავ მწვავეა. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და რეკომენდაციებზე საუბრისასაც, მთავრობა ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების მოტყუებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთავრობას - ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაში. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ევროპელთა მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვის გამორჩეული მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასული წლის გაზაფხულზე ე.წ. „მიშელის შეთანხმების“ დატოვება იყო. უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების უგულებელყოფა და შემდგომი პროცესები მათი აზრით, განსაკუთრებით უარყოფითად შეფასდა.
“ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების კოლაფსმა ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივები დააზიანა და ყველა მხარის მიმართ ნდობა შეამცირა. გაჩნდა იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ოპოზიიციის მიმართაც”, - ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი. მისი აზრით, შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც ახლა საქართველოს აქვს - ზედმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლება, რეალური ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებების ნაკლებობა და მმართველობის ვერტიკალური სისტემა - ქვეყანას 10-12 წლის წინაც არსებობდა.
„საქართველო ყოველთვის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, როცა რეგიონში დემოკრატიის შესახებ ვსაუბრობდით. მისგან მოლოდინები ძალიან, ძალიან მაღალი იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა იმედისგამაცრუებელია ის, რომ ქვეყანა კვლავ პოლარიზაციის მახეშია გაბმული, კვლავ პოლიტიკური კრიზისი, კვლავ [პრობლემური] მედია ლანდშაფტი, კვლავ კორუფციის მაღალი მაჩვენებლები და შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“, - მიიჩნევს მკვლევარი და დასძენს, რომ საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს, მათ სურთ ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერობა ჯერ არ არის ამისთვის მზად და ის უფრო და უფრო პოლარიზებული და უფრო და უფრო არეული ხდება", -პოლ სტრონსკი
სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მოახერხეს უფრო მკაფიოდ ეჩვენებინათ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათი მთავრობა რეფორმების და პრო-დასავლური კურსის ერთგულია. და მართალია პრობლემები არსებობს, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა აშკარაა. „მაშინ, როცა საქართველოში ჩვენ ვნახეთ სტაგნაცია და უკუსვლა. ვხედავთ უდიდეს შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას წინ წასვლაში ხელს უშლის, და პოლარიზაციას, რომელმაც რეალურად შეაჩერა დღის წესრიგი. ეს ძალიან შემაშფოთებელია“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს“ და მათ პირობების შესასრულებლად ამის მერეც ექნებათ დრო. საქართველო კი არც ომშია ჩაბმული და არც ფრონტის ხაზთან ისე ახლოა, როგორც - მოლდოვა. ამიტომ ეს ქართველმა ხალხმა მარცხად არ უნდა აღიქვას. თუმცა პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ არ შეასრულა აქამდე გაცემული დაპირებები.
„მათ შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობას, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სტაბილურობა და სხვა ტიპის პროგრესი. იქნებ მშვიდობაც იმის გამო იყო, რომ რუსეთს სხვა ფრონტი აქვს და მეორე ფრონტის გახსნა არ სურდა და არა მხოლოდ მათი მმართველობის გამო“, - ამბობს სტრონსკი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პასუხად. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი სრული ერთგულება დღეს არც ისე ნათელია და ბოლო დროს საფრთხე შეექმნა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობათა უფლებები თუ სხვა, სამოქალაქო უფლებები.
„ბევრი მოქალაქე ძალიან ბედნიერი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, რადგან ჩანდა, რომ გარდაქმნა ხდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ გარდაქმნა არ გვინახავს. 10 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციას და არის შეკითხვა იმაზე, იზიარებენ თუ არა საქართველოს ლიდერები იმავე უნივერსალურ და ლიბერალურ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთს აქვს? ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს, მათ სურთ ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერობა ჯერ არ არის ამისთვის მზად და ის უფრო და უფრო პოლარიზებული და უფრო და უფრო არეული ხდება“, - მიიჩნევს სტრონსკი.
მოლდოვამ და უკრაინამ მოახერხეს უფრო მკაფიოდ ეჩვენებინათ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათი მთავრობა რეფორმების და პრო-დასავლური კურსის ერთგულია. მაშინ, როცა საქართველოში ვნახეთ სტაგნაცია და უკუსვლა, უდიდესი შიდა პოლიტიკური ბრძოლა და პოლარიზაცია",- პოლ სტრონსკი
სტრონსკი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებთან ერთად, ევროკავშირი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც მსჯელობს. რადგან ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ახლა ბლოკის წევრია, სწორედ მანამ მიიღეს, სანამ ისინი რეფორმირებას დაასრულებდნენ, ზოგმაც მოგვიანებით დაიწყო უკუსვლა, რადგან არ იყვნენ [პირობების] ერთგულნი. აპრილის შეთანხმების კოლაფსის შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს აშფოთებთ, „ხომ არ მიჰყვება საქართველო უნგრეთის გზას?“ - ამბობს კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი და განმარტავს, რომ ბოლო ორ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მზაობაზე და ლიდერების მზრიდან დასავლური ღირებულებების ერთგულებისადმი ბევრი ეჭვი გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველი ხალხი ნამდვილად მზადაა მეტი ინტეგრაციისთვის.
იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე შეყოვნება ამერიკასთან ურთიერთობაზე და საქართველოსადმი მოლოდინებზე ატლანტის ოკეანის დასავლეთით? - სტრონსკი ამბობს, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პარტნიორობა ამერიკასა და ქართველოს შორის ძალიან ძლიერია. მართალია ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს იმედგაცრუება რეფორმების ნელი ტემპისა და იმის გამო რომ პრობლემები წლების განმავლობაში არ გვარდება, მაგრამ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითი განწყობა ამერიკის დედაქალაქში უცვლელია.
„ამერიკა მხარს უჭერს იმას, რისი გაკეთებაც ევროპას სურს საქართველოსგან - მხარს უჭერს ამ რეფორმებს და მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს დასავლეთთან უფრო ფართო ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მოთმინება არ არის ამოუწურავი“, - ამბობს პოლ სტრონსკი.