უკრაინა აშშ-ისგან დამატებით 450 მლნ $-ის ღირებულების დახმარებას მიიღებს

უკრაინის არმია აშშ-გან M142 HIMARS-ის ძველ მოდიფიკაციასაც მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 450 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით დახმარებას მიაწვდის უსაფრთხოების მიმართულებით. ამ დახმარების პაკეტში შედის გრძელი რადიუსით მოქმედი სარაკეტო სისტემებიც. ამის შესახებ ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები აცხადებენ.

რუსეთი კი უკრაინის აღმოსავლეთზე იერიშს აგრძელებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიდერები შიშობენ, რომ უკრაინელი მებრძოლები შესაძლოა დონბასის ზოგიერთ ტერიტორიაზე ალყაშიც კი აღმოჩნდნენ.

პენტაგონი ამ დახმარების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მოიცავს მაღალი მობილობის 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემას, რომლებიც "ჰაიმერსების" სახელითაა ცნობილი, 18 სანაპირო და სამდინარო საპატროლო ნავს და ათასობით მჭიდს.

24 თებერვლის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო.

ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, კონ კირბი ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევთან მჭიდროდ თანამშრომლობს იმის დასადგენად, თუ რა ტიპის იარაღი სჭირდება ქვეყანას თითოეულ შემთხვევაში.

"ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ დავრჩეთ რელევანტურები, ჩვენი დახმარება შესაბამისი იყოს იმისა, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე", - უთხრა ჟურნალისტებს კირბიმ.

უკრაინამ ხუთშაბათს "ჰაიმერსების" პირველი პარტია მიიღო. ეს ძლიერი, გრძელ დისტანციაზე მოქმედი იარაღია, რომლითაც კიევი გარდამტეხი გამარჯვებების მოპოვებას იმედოვნებს.