უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კოლონის ნაწილები დონბასის რეგიონში ერთ-ერთი მდინარის გადაკვეთის მცდელობისას გაანადგურა. უკრაინული ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შეტევის შედეგად ცეცხლშია გახვეული შავ ზღვაში მყოფი რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდიც.
უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქის, ხარკივის შემოგარენიდან განდევნეს. ისინი სწრაფად და ყველაზე მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები აიძულეს კიევის მისადგომები დაეტოვებინათ.
"როიტერის" ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ უკრაინული ძალები ახლა აკონტროლებენ მთელ ტერიტორიას მდინარე სივერსკის დონეცკის ნაპირების გასწვრივ - ხარკივიდან თითქმის 40 კილომეტრის მიმართულებით აღმოსავლეთით. ქალაქში, რომელსაც რუსული არტილერია აქტიურად ბომბავდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა შეტაკებები მის ჩრდილოეთით კვლავ გრძელდება.
ადგილობრივების თქმით, გასულ ღამეს ხარკივიდან 10 კილომეტრის მოშორებით ქალაქ დერგაჩიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის სამიზნე კულტურის სახლი გახდა. შენობა ჰუმანიტარული პროდუქტების საწყობად და გასანაწილებლად გამოიყენებოდა. მეხანძრეები საბავშვო საფენებისა და საკვები პროდუქტების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.