ისრაელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს, რომლის განცხადებასაც ქვეყანა ჰოლოკოსტის დამაკნინებლად და ანტისემიტიზმის გამაღვივებლად მიიჩნევს. სერგეი ლავროვის თქმით, ჰიტლერი წარმოშობით თითქოსდა ებრაელი იყო.
"ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას იმაში, რაც არის ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაულები მათ წინააღმდეგ", - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. მისივე განცხადების თანახმად, "ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი კოლეგისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ლავროვმა ეს განცხადება კვირას, იტალიურ სატელევიზიო არხთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის "დენაციფიკაციას" ცდილობს მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია.
"როდესაც ისინი ამბობენ: რანაირი "დენაციფიკაციაა ეს თუკი ჩვენ ებრაელები ვართ", მე ვფიქრობ, რომ ჰიტლერს თავადაც ჰქონდა ებრაული წარმოშობა, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს. დიდი ხნის განმავლობაში გვესმის ბრძენი ებრაელი ხალხის ნათქვამი, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები თავად ებრაელები არიან", - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმის მტკიცება, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაელი წინაპრები ჰყავდა იმის თქმას ნიშნავს, რომ ებრაელებმა თავად დაიხოცეს თავები. მისი თქმით ეს იგივეა, რაც ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში, რაც "რასიზმის უპირველესი საფუძველია".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რუსეთის საელჩოს ისრაელში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ ლავროვის კომენტარი ჰიტლერის თაობაზე "აბსურდული პროპაგანდაა".