უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარშემო დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. რუსული ჯარი უკან იხევს და გზად საკუთარ მიტოვებულ სამხედრო ტექნიკას, დახოცილ ხალხს და განადგურებულ სოფლებს ტოვებს.
ასევე ნახეთ: "არ შეიძლება გააგრძელო დათვის კვება და ელოდო, რომ ის დაკმაყოფილდება" - იალოვიციდმიტრივკაში, რომელიც კიევის დასავლეთით მდებარეობს, „როიტერის“ გადამღებ ჯგუფს ქუჩებში რუსული ჯავშანტექნიკა დახვდა, რომელსაც ჯერ ისევ ასდიოდა ბოლი და მათთან ახლოს მიწაზე, სულ ცოტა, რვა დაღუპული რუსი ჯარისკაცი ესვენა.
უკრაინის ჯარმა ასევე დაიკავა ბუჩა, სადაც ქალაქის მერმა პარასკევს, მერიის წინ გადაღებულ ვიდეოში თქვა, რომ ქალაქი უკრაინელების კონტროლს დაუბრუნდა. უკრაინამ რამდენიმე პუნქტი კიევის ჩრდილოეთშიც დაიბრუნა.
რუსულმა ჯარმა ოდესის მიმართულებით იერიში გააგრძელა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა სცადა, თუმცა უკრაინელებმა ის ანტი-საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მოიგერიეს.
ოდესის გუბერნატორმა მაკსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ სამი რუსული რაკეტა დასახლებულ პუნქტებს მოხვდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ეს იერიში ანექსირებულ ყირიმში ბაზირებული ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემით განახორციელა.