უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მეორე კვირაა გრძელდება. მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, მოხალისე და ზრდასრული ბრძოლისუნარიანი მამაკაცი ქვეყანაში რჩება და რუსული ჯარის იერიშების მოგერიებას ცდილობს. საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმების სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობაც. დაბომბილია არაერთი ქალაქი, ბევრი ახლაც რუსულ ალყაში და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. მოქალაქეთა ნაწილს უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი, გათბობა, სასმელი წყალი. ზოგან გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც. გამართულად ვერ ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულებები. მოლაპარაკებების მეორე რაუნდისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნების შესაქმნელად იმუშავებენ. თუმცა პარასკევს გათენებისას, მსოფლიო კიდევ ერთმა სიახლემ შეძრა: რუსული თავდასხმის სამიზნე ზაპაროჟიეს რეგიონში ატომური ელექტროსადგური გახდა. ატომური დაბინძურება ამჯერად არ მომხდარა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდებს. შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად საჰაერო საიერიშო მოწყობილობები სჭირდება, სამოქალაქო მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან იერიშის მიტანა კი აქამდე მიუღწეველი მიზნების და იმედგაცრუების ნიშანია.
- რა არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სამხედრო ამოცანები ?
- მე მართლა ვფიქრობდი, რომ ეს იყო უკრაინული ეკონომიკის დანგრევა, რაც შემდეგ უკრაინის მთავრობის დამხობას გამოიწვევდა და შემდეგ ამას მოჰყვებოდა კვლავ თავდასხმა, რაც რუსეთის ფედერაციას უკრაინის უდიდეს ნაწილზე კონტროლს მოაპოვებინებდა. ვფიქრობ, კრემლს ეგონა, რომ ამას ზედმეტი პრობლემების გარეშე გააკეთებდა, იმის გათვალისწინებით, რამდენად სწრაფად ჩაიგდეს ხელში ყირიმი. ვფიქრობ, ეს ასევე იყო უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, მათ შორის ბელარუსისაც. ჩვენ იქ სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო რეფერენდუმი ვიხილეთ. ასე რომ, ძალიან მალე, ბელარუსი იქნება „მოკავშირე სახელმწიფოს“ ნაწილი, რამდენიმე დღეში და არა კვირებში, ეს ყველაფერი იყო უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომ აღედგინათ ძველი იმპერია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო.
- რას ნიშნავს ის, რომ რუსული ძალები სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს? სხვადასხვა წყარო ადასტურებს, სარაკეტო თავდასხმას ხარკოვზე, ასევე ისეთ ადგილებზე, რომელთა სიახლოვესაც სამხედრო ობიექტები საერთოდ არ არის.
- ცვლილება, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება, ქალაქებისა და პატარა დასახლებების და არა სამხედრო სამიზნეების დაბომბვა - ეს არის რა თქმა უნდა სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების ნიშანი. ეს სუიციდური [ქმედებაა]. ეს ამთავრებს იმ ზღაპრებს კრემლიდან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაცისტების მიერ მართული ხელისუფლებისგან რუსულად მოსაუბრე მოქალაქეების დასაცავად ხდებოდა.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება, ქალაქებისა და პატარა დასახლებების და არა სამხედრო სამიზნეების დაბომბვა - ეს არის სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების ნიშანი. ეს სუიციდური ქმედებაა.
საინტერესოა ის, რომ 2014 წელსაც მათ [რუსებს] ეგონათ, რომ კოლაფსი მოხდებოდა დონეცკსა და ყირიმშიც, მოქალაქეები იქნებოდნენ სიმპატიით განწყობილი სწორედ იმიტომ, რომ იქ რუსულად მოსაუბრე მოსახლეობაა. მაგრამ 2014 წელსაც კი, არ მომხდარა ისეთი წინააღმდეგობა, [მათ საკეთილდღეოდ] როგორც კრემლს ეგონა. ასე რომ, ეს იქნება ძალიან ხმამაღალი და ნათელი სიგნალი რუსულად მოსაუბრე მოქალაქეებისთვისაც: კრემლი არაა იქ თქვენს დასაცავად. ისინი იქ არიან იმისთვის, რომ მიიღონ თქვენი მორჩილება.
- ამ აგრესიამდე თქვენ ერთგვარი „ჰორიზონტალური ესკალაციის“ ტაქტიკების შესახებ საუბრობდით იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის კონცენტრირება შეფერხებოდა. საუბრობდით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გადაკეტვაზეც რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, მათთვის პრობლემების შექმნაზე სხვაგან. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ახლა გაკეთდეს?
- რა თქმა უნდა, თურქეთის გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს მონტროს კონვენციის უფლებამოსილება და რუსულ გემებს ამ სრუტეებში შესვლა დაუბლოკოს, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ამავე დროს, არის პრაქტიკული ასპექტიც, რაც რუსულ საზღვაოსნო მოძრაობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს გავლენას. ასევე, თურქეთმა დაიწყო ამ მოვლენების დახასიათება, როგორც „ომის“. ეს მნიშვნელოვანია და ერდოღანი და მისი მთავრობა ამისთვის დაფასებას იმსახურებს. იმედია, ამერიკა და სხვა მოკავშირეები მუშაობენ თურქეთთან იმისთვის, რომ დაიცვან ის კრემლისგან მომდინარე შესაძლო ეკონომიკური შურისძიებისგან.
ეს ყველაფერი არის მაგალითი იმისა, თუ რატომ გვჭირდება შავი ზღვის სტრატეგია, როგორც - რეგიონის. უკრაინა არაა იზოლირებული კუნძული. ის დაკავშირებულია შავ ზღვასთან, რუმინეთთან, საქართველოსთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან, ცხადია მოლდოვასთანაც. ამერიკას არასდროს ჰქონია შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგია და ეს გვჭირდება. სხვაგვარად, ჩვენ ვქმნით პოლიტიკას თითოეული ქვეყნისა და სიტუაციისთვის, რაც არ ეფუძნება ზოგად სტრატეგიას.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამაზე ვფიქრობთ ისე, რომ მეტი წნეხი განვახორციელოთ რუსეთზე, რომ შევუქმნათ სადარდებელი, სხვაგან შეიქმნას პრობლემები.
სწორი სამართლებრივი ტერმინი იქნებოდა რუსული საზღვაოსნო ბაზის „კარანტინი“ ტარტუში, არა ბლოკადა, ბლოკადა საომარი მოქმედებაა, მაგრამ კარანტინი, რომელიც გაგზავნიდა სიგნალს კრემლში, რომ თქვენც გაქვთ სხვა მოწყვლადი წერტილები სხვა ადგილებში, რომლებსაც შეგვიძლია მივწვდეთ.
- ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები მზად აქვს. როგორ უნდა პასუხობდეს ამას დასავლეთი?
- ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ეს მუქარა აქამდეც ბევრჯერ გამოუყენებია. მისი წარმომადგენლები ემუქრებოდნენ დანიას, პოლონეთს, შვედეთს. რა თქმა უნდა, რუსები ბირთვული ომის სცენარს ყველა თავის სერიოზულ სამხედრო წვრთნაშიც იყენებენ. ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ კომპეტენტურობის შესანარჩუნებლად, არამედ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა იცის, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ბირთვული იარაღის გამოყენება. საფრთხე რეალურია, მაგრამ რეალურია იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რას ფიქრობს და აკეთებს ვლადიმირ პუტინი. მისმა გარემოცვამ უნდა უთხრას მას, რომ თუკი ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, ეს კატასტროფა იქნება რუსეთისთვის. ვფიქრობ, ახლა ჩვენ მტკიცენი უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება სიმტკიცის ჩვენება, ახლა არის დრო სწორი, ძლიერი მტკიცე და ნათელი გზავნილებისა. მაგრამ თუკი რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ჩვენ - არა, მაშინ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ ბირთვული შეკავების სრულ მნიშვნელობას.
თუკი შენ გაქვს იარაღი და ვიღაც, მსგავს იარაღს შენს წინააღმდეგ იყენებს, შენ კი არ პასუხობ, ეს მიანიშნებს, რომ სადღაც მომავალში, ვისაუბრებთ ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე, ან ჩინეთზე... ეს ძალიან რთული არჩევანი იქნება. თუმცა ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ წარიმართება პროცესები.
- რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს უკრაინის სამხედრო კუთხით მეტად დასახმარებლად?
რუსები ბირთვული ომის სცენარს ყველა თავის სერიოზულ სამხედრო წვრთნაშიც იყენებენ. ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ კომპეტენტურობის შესანარჩუნებლად, არამედ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა იცის, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ბირთვული იარაღის გამოყენება.
- უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც ბერლინის საჰაერო დახმარების მსგავსი იქნება. იქნება ეს თვითმფრინავები თუ სხვა კოლონა. მაგრამ ლოჯისტიკა მნიშვნელოვანია. უკრაინელები ძალიან დიდ ტექნიკას იგდებენ ხელში რუსული ძალებისგანაც, რომელთა თავად გამოყენებაც შეუძლიათ, ეს კარგია, მაგრამ ჩვენც უნდა დავეხმაროთ იმით, რითიც შეგვიძლია. უკრაინა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ანტისატანკო შეიარაღება, რაკეტები სჭირდებათ, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯარისკაცების აღჭურვილობა, სამედიცინო კომპლექტები, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ განაგრძონ ბრძოლა.
ასევე ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვეხმარებით უკრაინის მთავრობას, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებით. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან გამართულად მიდის. ვისურვებდი მოგვეხერხებინა მათთვის მეტი დრონის მიწოდება. კიევის ჩრდილოეთით ქალაქისკენ მიმავალი კოლონა ვფიქრობ დიდი სამიზნე იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, უკრაინის გენერალური შტაბი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
ახლა მათ პრიორიტეტიზაცია სჭირდებათ რას დაარტყან. არ მენდომებოდა ახლა რუსული სატვირთოს მძღოლობა, ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელიც ამ კოლონას სხვადასხვა მხრიდან შეუტევს იარაღით, რომელიც მას გაანადგურებს.
- შესაძლებელია რუსეთის სამხედრო კუთხით დამარცხება ამ ომში თუ ეკონომიკა მაინც გავლენის მოხდენის მთავარ გზად რჩება?
- მე არ მინდა საბოლოო შედეგების შესახებ პროგნოზის გაკეთება, რადგან ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ცხადია იქნება რაღაც ტიპის მოლაპარაკება და შეთანხმება. მაგრამ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული და შემიძლია გითხრათ, რომ კიევი არ დაეცემა, რუსები ვერასდროს გააკონტროლებენ კიევს. არ მგონია წარმატებას მიაღწიონ ოდესაში. შეხედეთ ხარკოვსაც. ისინი ვერ გააფართოვებენ თავიანთ კონტროლს მეტად. გასაოცარია, რომ ხარკოვი მათთვის უმარტივესი სამიზნე უნდა ყოფილიყო. ის ასე ახლოსაა საზღვართთან და ამის გაკეთებაც კი ვერ შეძლეს. მე ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს ახლა. დიახ, ათასობით მსხვერპლია, სამხედროც და რაც ყველაზე საშინელია სამოქალაქო, ამ ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება, მზარდი ლტოლვილთა კრიზისი - ტრაგედიაა, რაც სრულებით ვლადიმირ პუტინის ბრალია, მაგრამ, იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი მხარე ძლიერდება. მე ვგრძნობ გარდატეხის მომენტს, ცვლილებებს.
მე მაინც შემიძლია განვასხვავო ერთმანეთისგან რუსი ლიდერები და რუსი ხალხი, შემიძლია განვასხვავო საწყალი რუსი ჯარისკაცი რუსი ლიდერებისგან. ეს საშინელებაა. ათასობით ახალგაზრდა ბიჭი მოსაკლავადაა განწირული. ახალგაზრდა რუს მამაკაცებს, ახალწვეულებს, რომელთაგან ბევრმა არც იცოდა, რომ უკრაინაში მიდიოდნენ, მოკლავენ. მათი ოჯახები კი 100 დოლარს მიიღებენ კომპენსაციის სახით. ეს საშინელი შედეგებია რუსი ხალხისა და რუსი ჯარისკაცებისთვის. არაფერი კარგით ეს რუსეთისთვის არ დასრულდება. ეს ტრაგიკულია.
- რამ შეუშალა ხელი ნატოს, რომ უკრაინაში თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ჯარები გაეგზავნა? კოსოვოს შემთხვევაში ნატომ გამოიყენა საკუთარი ძალები მიუხედავად იმისა, რომ არც კოსოვო იყო ნატოს წევრი, უკრაინის მსგავსად.
- ეს კარგი შეკითხვაა და ალბათ ამაზე მსჯელობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ალიანსისა და ევროკავშირის ერთობის შენარჩუნება, მასობრივი წნეხის განხორციელება კრემლზე გრძელვადიან პერსპექტივაში არის უფრო მნიშვნელოვანი და არ ვიცი თუ გვექნებოდა საკმარისი ნება და კონსენსუსი იმაზე, რომ ამერიკული ჯარი ყოფილიყო უკრაინაში. გაიხსენეთ, რამდენიმე კვირის წინ ბევრი ევროპული ქვეყანა იმ პოზიციაზეც არც იყო, რაზეც ახლა არიან. ვფიქრობ, ადმინისტრაცია აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი იყო დიპლომატიური ნაწილის სწორად გაკეთება და ყველაფრის დალაგება. ეს ბევრად იმაზე მეტია, ვიდრე - მხოლოდ უკრაინა. ამას უფრო დიდი შედეგები ექნება. ასე რომ საერთაშორისო კონსენსუსი იმაზე, რას უნდა ვაკეთებდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რამდენიმე ევროპელი ლიდერი იმსახურებს დაფასებას იმისთვის, რაც იყო საუკეთესო დიპლომატიური ძალისხმევა, რაც 1995 წლიდან მინახავს.