რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინასთან უკვე კვირაზე მეტხანს გრძელდება. აქტიური სამხედრო მოქმედებების მერვე დღეს, რუსულ ძალებს კვლავ მიაქვს იერიში როგორც დედაქალაქზე, ისე - რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქზე. ქალაქები აქტიური დაბომბვის სამიზნეა. ზოგიერთ მათგანში აღარ ფუნქციონირებს კომუნალური და სატელეფონო კომუნიკაციები. უარესდება ჰუმანიტარული კრიზისი. გაეროს ცნობებით, მილიონზე მეტმა ადამიანმა უკრაინა დატოვა, ზოგიერთ ალყაშემორტყმულ ქალაქში კი საკვები პროდუქტებისა და სხვა საშუალებების დეფიციტიცაა.
ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაწყების შემდეგ უკრაინაში ასობით სამოქალაქო პირი და ჯარისკაცი დაიღუპა. ასობით დაღუპულია რუსულ ჯარშიც. დაზუსტებული მონაცემების დასახელება ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით კვლავ უჭირთ, რადგან აქტიური საომარი ქმედებები ისევ მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინაში შეჭრას დღემდე "სპეცოპერაციას" უწოდებს.
დასავლელი ლიდერების თქმით, რუსეთის მიზანი კიევში ხელისუფლების დამხობა იყო, თუმცა ამ დრომდე რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთი ქალაქის აღება მოახერხეს - მდინარე დნეპრის სამხრეთით მდებარე, საპორტო ქალაქ ხერსონის, რომელშიც რუსული ტანკები ოთხშაბათს შევიდა. ქალაქის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დაუპირისპირდნენ რუს შეიარაღებულ პირებს. რუსეთი კი ტაქტიკას ცვლის, ბომბავს უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი, რომელსაც მილიონნახევარი მცხოვრები ჰყავს, ყველაზე მძიმედაა დაზარალებული, უამრავი შენობა ნანგრევებადაა ქცეული.
ასევე ნახეთ: მოლაპარაკების წინ მაინც შეწყვიტონ ცეცხლი, ამბობს უკრაინის პრეზიდენტიალყაშია ქალაქი მარიუპოლიც, აღმოსავლეთ უკრაინაში აზოვის ზღვაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი, გათბობა, წყალი და გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი. ქალაქს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ბომბავენ, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ დაჭრილთა ევაკუაციაც არ შეუძლიათ. ქალაქის მერია ამ ვითარებას მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადას ადარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის დასავლელი ლიდერები ემზადებოდნენ, უკრაინის წინააღმდეგ "სამხედრო ოპერაციას" კი რუსეთი "ბოლომდე მიჰყვება". ლავროვი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს ბირთვული ომის თაობაზე გეგმები არ აქვს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მართავს ქვეყანას, სადაც "ნაციზმი ყვავის". ლავროვს არ ეპარება, რომ უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით გამოსავალი მოინახება. მაგრამ მისი თქმით, მოლაპარაკებები რთულია, როცა ნატო "უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს" მაშინ, როდესაც რუსეთი კეთილ ნებას იჩენდა, მაგრამ საკუთარი ინტერესების შელახვას ვერ დაუშვებს. ლავროვის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი მართალი იყო უკრაინასთან დაკავშირებით და ის ვერ შეეგუებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ინფრასტრუქტურის არსებობას, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს. რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეებს, ეს მისი თქმით, მხოლოდ დასავლეთს აწუხებს.
"ბირთვულ საკითხებზე ფიქრები გამუდმებით ტრიალებს დასავლელი პოლიტიკოსების თავებში, მაგრამ არა რუსების თავებში. მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას, რომ ბალანსი დაგვირღვიოს" - თქვა ლავროვმა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდში, რომელიც 3 მარტს იმართება, უკრაინული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების საკითხის დაყენებას აპირებს. ორშაბათს გამართულ პირველ რაუნდს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.
პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ის კიევში რჩება და უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ. "ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, გარდა ჩვენი თავისუფლებისა", - მიმართა მან უკრაინელებს.