ბაიდენის ერისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები

„თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“, - ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერისა და კონგრესის წინაშე თავისი პირველი ოფიციალური გამოსვლა. მისი სიტყვის პირველი ნაწილი უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და დასავლეთის პასუხის შესახებ საუბარს დაეთმო.

"პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით" - ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს.

ერისადმი მიმართვა, როგორც წესი, შეერთებული შტატების პოლიტიკურ მდგომარეობაზე თეთრი სახლის ხედვასა და პრიორიტეტებს ეძღვნება და ყოველწლიურად, კონსტიტუციის შესაბამისად, იმართება. ტრადიციულად ამერიკის პირველი პირი, კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოდის.

პუტინმა მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა: ის შეხვდა უკრაინელ ხალხს
ჯო ბაიდენი

„ექვსი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა სცადა შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძველი, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ის თავისი მუქარით. მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. იფიქრა, რომ მსოფლიო შეეგუებოდა ამას, ამის ნაცვლად კი მან მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა: ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“, - თქვა პრეზიდენტმა.

მან უკრაინელთა სიმამაცეზე და მათ წინააღმდეგობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი ქმედება სამაგალითოა.

„პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშრობა, მათი სიმამაცე, მათი თავდადება მსოფლიოს შთააგონებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს წინ ეღობებიან, სტუდენტებიდან პენსიონერ მასწავლებლებამდე - ყველა ჯარისკაცებად იქცა, რომლებიც იცავენ საკუთარ სამშობლოს“, - თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგის სიტყვებიც გაიმეორა და თქვა, რომ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს უთხრა, „სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე“. ჯო ბაიდენი დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩსაც მიესალმა და უთხრა, რომ ამერიკელა დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ოქსანა მარკაროვას დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მას დიდხანს უკრავდნენ ტაშს.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ: როცა დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი მეტ ქაოსს იწვევენ. ისინი განაგრძობენ მოქმედებას და ამის საფასური და საფრთხე ამერიკისა და მსოფლიოსთვის ზრდას განაგრძობს... სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რათა უზრუნველეყო მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკა კი მისი წევრია 29 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია, ამერიკული დიპლომატია მნიშვნელოვანია. ამერიკის სიმტკიცე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ: როცა დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი მეტ ქაოსს იწვევენ.
ჯო ბაიდენი

ბაიდენი ამბობს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინელ ხალხს „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით ეხმარებიან. ამერიკა კი უკრაინელებს პირდაპირი დახმარების სახით 1 მილიარდ დოლარს აძლევს და დახმარება გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ ქვეყნის დაცვა და „ტანჯვის შემსუბუქება“.

ასევე ნახეთ: გლობალური გიგანტი კომპანიები რუსეთს ტოვებენ

ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს დაჰპირდა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკა ცდილობს რუსეთის დასჯას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, ის ყველა შესაძლო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ამ სანქციებმა ამერიკული ბიზნესი და ამერიკელი მომხმარებლები არ დააზარალოს. მისი თქმით, მოკავშირეებთან ერთად, ამერიკამ მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს ნავთობის რეზერვიდან 60 მილიონი ბარელის გამოყოფა მოხდება. ამერიკა კი, როგორც ამ ძალისხმევის ლიდერი, 30 მილიონ ბარელს გამოყოფს და თუ საჭირო იქნება, მეტსაც გააკეთებს.

პრეზიდენტის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, პანდემიის მართვა და ეკონომიკური პროგრამა იყო. მან განაცხადა, რომ დროა ქვეყანა გადავიდეს პანდემიის მართვის ახალ ეტაპზე.

"იმ პროგრესის შედეგად, რაც გასულ წელს გვქონდა, კოვიდ-19 ჩვენ ცხოვრებას აღარ აკონტროლებს. ვიცი, რომ საუბრობენ "კოვიდ-19-თან ერთად ცხოვრებაზე". დღეს მე ვიტყვი, რომ ჩვენ არ მივიღებთ უბრალოდ კოვიდ-19-თან ერთად ცხოვრებას. ჩვენ გავაგრძელებთ ვირუსთან ბრძოლას, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში", - თქვა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დროა დასრულდეს ბიზნესების და სკოლების დახურვა: "დროა ამერიკელები დაუბრუნდნენ სამსახურებს და კვლავ გაავსონ ჩვენი ქალაქის ცენტრალური ნაწილები. ადამიანებს, რომლებიც სახლიდან მუშაობენ შეუძლიათ იგრძონ თავი უსაფრთხოდ ოფისში დასაბრუნებლად", - თქვა მან.

მან ისაუბრა ქვეყანაში კოდივ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ეკონომიკურ შედეგებზეც, მათ შორის ინფლაციაზე. ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

„ჩვენ გვაქვს არჩევანი: ინფლაციასთან ბრძოლის ერთი გზა არის ხელფასების შემცირება და ამერიკელების გაღარიბება. მაგრამ მე ინფლაციასთან ბრძოლის უკეთესი გეგმა მაქვს: თქვენი ხარჯების შემცირება და არა თქვენი ხელფასების. ვაწარმოოთ მეტი მანქანები და ჩიპები ამერიკაში, მეტი ინფრასტრუქტურა და ინოვაცია. მეტი საქონელი მოძრაობდეს უფრო სწრაფად და იაფად. მეტი სამუშაო ადგილი, რომლითაც კეთილდღეობას უზრუნველყოფს. უცხოური მომარაგების ქსელებზე დამოკიდებულების ნაცვლად, მოდით, გავაკეთოთ ეს ყველაფერი ამერიკაში. ეკონომისტები ამას ჩვენი ეკონომიკის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას უწოდებენ. მე კი ამას „უკეთესი ამერიკის აშენებას“ ვუწოდებ“, - თქვა ბაიდენმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 17 ნობელიანტი ეკონომისტი, მის გეგმას ეფექტურად მიიჩნევს.

დროა ამერიკელები დაუბრუნდნენ სამსახურებს და კვლავ გაავსონ ჩვენი ქალაქის ცენტრალური ნაწილები.
ჯო ბაიდენი

ბაიდენმა ისაუბრა მისი ადმინისტრაციის მიერ კონგრესთან შეთანხმებით "ინფრასტრუქტურის კანონის" მიღების მნიშვნელობაზეც. მან ორივე პარტიის წარმომადგენლებს პაკეტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს გარდაქმნის ამერიკას და ჩვენ დაგვაყენებს 21-ე საუკუნის ეკონომიკური შეჯიბრის გამარჯვების გზაზე", - თქვა მან.

პრეზიდენტი ბაიდენი, ბევრისთვის გასაკვირად, ასევე გამოვიდა პოლიციისთვის დაფინანსების გაზრდის მოწოდებით. ბევრი დემოკრატი აქტივისტი 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვდა, მას შემდეგ, რაც მინესოტაში, შავკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის ოფიცერის მიერ მისი დაკავების დროს გამოყენებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. „პასუხი არა პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ პოლიციის დაფინანსებაა“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ასევე ნახეთ: რა არის პრეზიდენტის ერისადმი მიმართვა?

ჯო ბაიდენმა განიხილა იარაღის ტარების უფლებასა და მასთან დაკავშირებული რეგულაციებიც. მან ოპონენტების წინააღმდეგ გაილაშქრა და სთხოვა კონგრესს გაამკაცროს იარაღის შესყიდისთვის საჭირო მოთხოვნები. "რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს ტერორისტების სიიდან, იარაღის შესყიდვის უფლება?!" - თქვა პრეზიდენტმა. ბაიდენმა მიმოიხილა მისი საიმიგრაციო პოლიტიკა და კონგრესს სისტემის რეფორმაში დახმარებაც სთხოვა.

პასუხი არა პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ პოლიციის დაფინანსებაა.
ჯო ბაიდენი

პრეზიდენტს დიდი დრო არ დაუთმია ავღანეთიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისთვის. თუმცა ისაუბრა ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანებზე და მათთვის დახმარების აუცილებლობაზე. ავღანეთიდან გამოსვლამ, რომელსაც ნაბიჯის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეების ქაოსურს უწოდებენ, პრეზიდენტის რეიტინგები მნიშვნელოვნად დააზარალა. მისი რეიტინგის ვარდნა, სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო. პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობას დადებითად საშუალოდ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აფასებს.

პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიციულად, ოპოზიციაში მყოფი პარტიის პასუხი მოსდევს. წელს რესპუბლიკელების პასუხი კიმ რეინოლდსმა წარადგინა, აიოვას გუბერნატორმა. რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტი გააკრიტიკა ქვეყანაში ინფლაციის ზრდის, პანდემიაზე არასწორი პასუხისა და ავღანეთიდან ქაოტური გამოსვლის გამო.

გასულ წელს ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ინაუგურაციიდან 3 თვის შემდეგ და განსხვავებული ფორმატით მიმართა, ამიტომ სწორედ წლევანდელ გამოსვლას მიიჩნევენ ბაიდენის პირველ გამოსვლად კონგრესისა და ერის წინაშე.