აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ შიფი მიესალმა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მიუერთდეს მოკავშირეებს და ფინანსური სანქციები მიიტანოს პირადად ვლადიმირ პუტინზე და მის შიდა წრეზე.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ სათანადო ფართომაშტაბიანი და გამანადგურებელი სანქციები დააწესა რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორზე, ინტერვენცია უკრაინაში ერთი ადამიანის - ვლადიმირ პუტინის მოქმედების შედეგია და ის ვერ უნდა გაექცეს თავისი მოქმედების შედეგებს.
ასევე ნახეთ: ამერიკამ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესაშიფის თქმით, პუტინმა ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს უსაზღვრო ქონება დააგროვა. კონგრესმენი დიდი ხანია მხარს უჭერს მისი კორუფციული ქმედებების გამოაშკარავებას. ის დარწმუნებულია, რომ ამერიკა მონდომებით შეეცდება ამ სიყალბისთვის ფარდის ახდას.
კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აშშ-მ და გლობალურმა პარტნიორებმა ყველაზე მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ, რათა პუტინის მთავრობის პასუხისმგებლობა დადგეს. მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც რუსეთი აგრძელებს კიევზე იერიშს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას.
კიევის გარეუბნებში ამ წუთებშიც გრძელდება რუსეთის სამხედრო ოპერაცია. ანალოგიური მდგომარეობაა მთელი უკრაინის მაშტაბით, რამდენიმე დიდ ქალაქში კვლავ საჰაერო დაბომბვის სირენები ისმის. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები უკრაინელ სამხედროებს და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დანაკარგებია თავდამსხმელებს შორისაც.