"რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს",- წერს "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ეს "მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა". 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მსოფლიო ატომური ენერგეტიკის სფეროში უმსხვილესი ავარია მოხდა.
აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური ნივთიერებებით – ურანის იზოტოპით, პლუტონიუმით, სტრონციუმით დაბინძურება გამოიწვია. ამან გამოიწვია მოსახლეობაში სიკვდილიანობის ზრდა და დაავადებების დიდი ტალღა. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია უდიდეს ავარიად ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურების ხარისხითა და ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანით.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ბაიდენმა უკრაინის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან განიხილა24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.