სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად თქვა, რომ "70 წელზე მეტია, რაც ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. თავისი არალეგალური შეჭრით უკრაინაში ვლადიმირ პუტინმა ტრაგიკულად დაასრულა წლების განმავლობაში არსებული მშვიდობა“.
უორნერი ამბობს, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ ქმედებას ახლა ერთობლივად უნდა უპასუხონ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სანქციების პირველი ტრანში უკვე აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს რუსეთის მთავრობის დასასჯელად.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩია„ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი, ნატოს მოკავშირეების თავდაცვითი ძალების გაძლიერება და ამავდროულად, გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს გასაჭირის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „რაც ახლა ხდება უკრაინაში ტრაგედიაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსი ხალხისთვისაც. ისინი პუტინის უგუნური ამბიციისთვის დიდ ფასს სისხლითა და ეკონომიკური ზარალით გადაიხდიან“.
მოსკოვის დროით 24 თებერვალს გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ გატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: "ვგმობთ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე"მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალ შეჭრასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თთქმით, ვლადიმირ პუტინმა „წინასწარ განზრახული ომი აირჩია" და მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
თვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო ტექნიკა და 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.
მოსკოვმა უკრაინასა და მის ირგვლივ სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ, დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიების" მისაღებად მოთხოვნები წაუყენა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ვაშინგტონისგან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად ვაშინგტონმა და ნატომ განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.