ამერიკის პირველი დიპლომატი უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობის ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს. დიპლომატიურ ძალისხმევას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გასული კვირის უშედეგო შეხვედრების შემდეგ კვლავ ევროპაში განაახლებს. ის ოთხშაბათს უკრაინაში ჩადის. შემდეგ ბერლინში გამართავს შეხვედრებს. პარასკევს კი დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ეს შეხვედრაც გასული ორშაბათის მსგავსად, როდესაც ერთმანეთს სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ, ჟენევაში გაიმართება. უკრაინისადმი მხარდაჭერის ხაზგასმა და რუსეთისთვის დეესკალაციისკენ მოწოდება ამ ნაჩქარევი ვიზიტის უმთავრესი მიზანია.
თეთრი სახლის პრეს-მდივანი ამბობს, რომ საკითხი გადაუდებელი მნიშვნელობისაა: „ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი უკრაინას შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს. სახელმწიფო მდივანი აპირებს ხაზი გაუსვას, რომ არსებობს ძალიან ნათელი დიპლომატიური გზა“,- განმარტა ჯენ საკიმ.
„ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია და გვყავს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები აქ იმისთვის, რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. თუკი ვლადიმირ პუტინი აირჩევს ამ სახიფათო გზას, კიდევ ერთხელ შეიჭრება ამ ქვეყანაში, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი და სწრაფი სანქციები,- ემი კლობუჩარი
ენტონი ბლინკენი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ის საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც გაესაუბრება იმ გეგმების შესახებ, როგორც მათ უნდა იმოქმედონ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. თეთრი სახლი ასევე განმარტავს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცის მობილიზებით სწორედ ვლადიმირ პუტინმა შექმნა და სწორედ მან და რუსებმა უნდა გადაწყვიტონ აპირებენ თუ არა უკრაინაში შეჭრას უმკაცრესი ეკონომიკური შედეგების ფასად.
რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმა იგეგმება, ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების სურვილისამებრ განლაგების უფლება აქვს. თუმცა, ამასთან ნატოს აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებში სდებს ბრალს. მოსკოვი ამბობს, რომ ნატო „ზუსტად რუსეთის საზღვრებამდე მივიდა“ და დასავლეთმა უკრაინა „იარაღით გაავსო“ და ქვეყანას თავის დაცვა სჭირდება. პენტაგონმა გასული კვირის უშედეგო მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. „ყალბი დროშის ოპერაციას“ გეგმავს, რაც ერთგვარი საბოტაჟი იქნება და უკრაინულ მხარეს თითქოსდა მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში დაადანაშაულებს. შედეგად კი ქვეყანაში შეჭრის გასამართლებელ საბაბსა და წინაპირობას შექმნის. თუმცა რუსეთი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
გერმანიაში ტრანსატლანტიკური ოთხეულის შეხვედრა გაიმართება. ბლინკენი გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიაზე მათ პასუხს განიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ეს ვიზიტიც, კონსულტაციებიც და ლავროვთან შეხვედრაც მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს: რუსეთის სამხედრო მობილიზებით გამოწვეული დაძაბულობის შემცირებას დიპლომატიური ძალისხმევის მეშვეობით.
„ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით. გასულ კვირას უკრაინას ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც ეწვია და უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციები გამართა და რისკები შეაფასა.
ენტონი ბლინკენი კი რუს კოლეგას ტელეფონით სამშაბათსაც ესაუბრა და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლავროვი უარყოფს, რომ კრემლი შეჭრისთვის საბაბს ეძებს ან ქმნის და ამ ცნობებს „სრულ დეზინფორმაციას’ უწოდებს. ამასთან კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოსკოვი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ელოდება, რომ ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ გაერთიანდებიან და იქ სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ განთავსდება. ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბარი მხოლოდ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის უკრაინის მონაწილეობითაა შესაძლებელი.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში ჩავიდა სენატორთა ორპტარტიული ჯგუფიც. სენატორები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ მათი მიზანი „არსებითი მხარდაჭერის“ გამოხატვაა.
Your browser doesn’t support HTML5
„უმთავრესი რამ არის დემონსტრირება - როგორც არსებითად, ისე გზავნილებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დააკვირდება მოვლენებს შორიდან, არ იჯდება უმიზნოდ, თუკი რამე მოხდება. ჩვენ გვინდა ამის პრევენცია, გვინდა შეკავება, გვინდა ვიყოთ გამოსავლის ნაწილი მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდეს“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერი.
ორპარტიულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი სენატორმა ემი კლობუჩარმაც: „ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია და გვყავს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები აქ იმისთვის, რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. თუკი ვლადიმირ პუტინი აირჩევს ამ სახიფათო და ანტიდემოკრატიულ გზას, კიდევ ერთხელ შეიჭრება ამ ქვეყანაში, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი და სწრაფი სანქციები", ამბობს დემოკრატი სენატორი.
ამერიკელ სენატორთა ერთმა ორპარტიულმა ჯგუფმა გასულ კვირას პრეზიდენტ ბაიდენს წერილობითაც მიმართა და თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ინტერესების დაცვისა და მათთან მუდმივი კონსულტაციებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: ვერშბოუ: უკრაინაში კრიზისის ხელოვნურად შექმნით რუსეთი ნატოს პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევსამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ისაუბროს რუსეთთან ამა თუ იმ საკითხზე, როგორიცაა ევროპაში სამხედრო წვრთნების მასშტაბები და მეტად გამჭვირვალედ წარმართოს პროცესები. თუმცა დათმობების შესძლებლობის შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი ვერ იქნება:
„ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავ დათმობაზე წასვლას. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ისეთ თემებზე, რაც რუსეთს პროვოკაციულად მიაჩნია, და რაც ამა თუ იმ ქვეყნისთვის და ნატოსთვის საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მნიშვნელობის არ არის. ყოველთვის შეიძლება ამაზე პატიოსნად გვქონდეს დისკუსია. მაგრამ ის, რაც არ არის სამართლიანი დისკუსია, არის სუვერენული სახელმწიფოს მთლიანობის და მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დათმობა“, - ამბობს ბენ კარდინი, დემოკრატი სენატორი.
ამერიკელი კანონმდებლები და ყოფილი დიპლომატები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებენ, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი პარტნიორების ინტერესების დათმობას არ აპირებს, ქვეყანაში შიდა დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა ხელსაყრელი.
„[ის, რაც ახლა ხდება,] ეს არის შეხსენება იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ისინი კვლავ აკონტროლებენ იქ ორ ტერიტორიას. რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, ერთობლივი მუშაობა“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჯინ შაჰინი, დემოკრატი სენატორი.
„ის უთანხმოება, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის ხდება, არავის ეხმარება. ეს რუსეთს აძლევს ხელს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს და მის ლიდერებს შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ იმუშაონ ერთად, რათა ჰქონდეთ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ მიდგომის გამოყენება გვსურს. საქართველოს კი უკრაინის მსგავსად, ძალიან ნათლად ესმის, რა არის რუსეთის ქვეყანაში შეჭრის ფასი“, - ამბობს სენატორი.