კრემლი პოლონეთში ნატოს წვრთნებს ეხმაურება

რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს და მისი პარტნიორების მიერ პოლონეთში დაწყებული სამხედრო წვრთნები „არ უწყობს ხელს ნდობის და უსაფრთხოების ატმოსფეროს“ ევროპაში. კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი დღეს გააკეთა, პოლონეთში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნების დაწყებიდან მეორე დღეს.

„ანაკონდა 16“ სახელწოდებით ცნობილ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მანევრებში 31 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ისინი როგორც ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებიდან, მათ შორის საქართველოდანაც არიან. ნატო სულ რამდენიმე კვირაში ვარშავაში სამიტს მართავს, რომელზეც გადაწყდება, თუ რამდენად გაიზრდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჯარები და აღჭურვილობა პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.