ამერიკას ტრამპის და კლინტონის არ სჯერა

სუვენირების მაღაზიის დახლი

ამერიკელ ამომრჩევლებს არც რესპუბლიკელთა სავარაუდო კანდიდატის დონალდ ტრამპის და არც დემოკრატ კანდიდატებში დაწინაურებული ჰილარი კლინტონის დაპირებების სჯერათ. კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 39 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი არჩევის შემთხვევაში შეეცდება, მაგრამ ვერ შეძლებს ააშენოს სასაზღვრო კედელი მექსიკასთან, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა. კიდევ უფრო მეტი, 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის ასევე შეეცდება, მაგრამ ვერ მოახდენს 11 მილიონი უკანონო იმიგრანტის დეპორტირებას.

გამოკითხულთა 63 პროცენტი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონი არც კი ცდის პოლიტიკაში ფარული თანხების შედინების შეჩერებას. მხოლოდ 18 პროცენტი თვლის, რომ ის ცვლილების მოხდენას შეეცდება, მაგრამ მეტი ალბათობით, ვერ შეძლებს. "ცინიზმი" ორივე კანდიდატის შემთხვევაში სახეზეა, ამბობს ტიმ მალოი, კვინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვების დირექტორის მოადგილე.