რუსეთი ირანისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებას იწყებს

მოსკოვი თეირანისთვის მოწინავე ანტისაჰაერო რაკეტების მიწოდებას იწყებს. ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიით ვრცელდება. მსგავსი რამ გასულ წელს ირანთან მიღწეულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებამდე დაწესებული სანქციებით დაუშვებელი იყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰოსეინ ჯაბერ ანსარი ამბობს, რომ იარაღის მიწოდების თარიღის რამოდენიმეჯერ შეცვლის შემდეგ „შეთანხმება იმპლემენტაციის ფაზაზე გადავიდა“. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა კიდეც და ანსარის თქმით, „პროცესი კვლავ გაგრძელდება“.

რუსეთმა ირანისთვის S-300 ტიპის რაკეტების მიყიდვა 2007 წელსაც სცადა. თუმცა, მოგვიანებით შეთანხმება ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად ჩაიშალა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2015 წლის ნოემბერში ხელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერა, რომლის თანახმადაც თეირანი უფრო მოწინავე S-300 ტიპის რაკეტებს მიიღებს.