დემოკრატთა დებატებზე ემიგრაციის თემა დომინირებდა

საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰილარი კლინტონს და ბერნი სანდერსს შორის გამართულ დებატებზე წამყვანი თემა ემიგრაცია და წარსულში ამ საკითხზე კანდიდატების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო. დემოკრატიული პარტიის დებატები ოთხშაბათს საღამოს ფლორიდის შტატში მას შემდეგ გაიმართა, რაც სანდერსმა მიჩიგანის პრაიმერებზე მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა.

კლინტონმა სანდერსი 2007 წელს საემიგრაციო რეფორმის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის გააკრიტიკა. ვერმონტის სენატორმა კი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტებისთვის მართვის მოწმობების გაცემის წინააღმდეგ ყოფნა გაახსენა. მაგრამ ორივე კანდიდატი ამ ეტაპზე აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, ისინი უკანონო ემიგრანტების, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ და ასევე ბავშვების დეპორტაციას არ განახორციელებენ.