დღეს, 20 იანვარს, ჭიათურის საბადოებზე მადნის მოპოვება და გადამუშავება ოთხი თვით შეაჩერა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც საქართველოს სამთო და ქიმიური მრწველობის ორ გიგანტს, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ფლობს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მტკიცებით, სპეციალურ რეჟიმზე გადასვლა აუცილებელი გახდა, საერთაშორისო ბაზრებზე, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ვარდნის, გაყიდვების შემცირებისა და ნედლეულის ჭარბი მარაგების წარმოქმნის გამო.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ოთხი თვით დაითხოვა დაახლოებით, 3500 მაღაროელი და სხვადასხვა სპეციალისტი. ისინი ინარჩუნებენ სამსახურს, დაზღვევას, ბონუსებს, კომპანია თავის თავზე იღებს დასაქმებულთა საბანკო ვალდებულებებს, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე მათ 40 პროცენტით შემცირებულ ხელფასს გადაუხდის.
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ კერძოდ განაცხადა:
„კრიზისი განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნა მანგანუმის პროდუქციაზე ძალიან შემცირებულია. ფასების კატასტროფული დაცემა იმას ნიშნავს, რომ თვითღირებულება ჩვენს მიერ მოპოვებული მანგანუმისა, უკვე ორჯერ უფრო ძვირია, მის საბაზრო ფასთან შედარებით. გამომდინარე იქედან, რომ ჭარბი პროდუქცია დაგროვდა, როგორც ზესტაფონში, ისე ჭიათურაში, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ წარმოება სპეციალურ რეჟიმზე გადასულიყო.“
კომპანია ეშმაკობას მიმართავს და სპეციალურ რეჟიმს ახსენებს. ასეთი რამე კი საერთოდ არ არის ნახსენები შრომის კოდექსში ანუ ჩვენი კანომდებლობა არ ცნობს ასეთ ტერმინს, თუმცა საქართველოს მთავრობაზე ამაზე რეაგირებს არ ახდენს.გოჩა ალექსანდრია
სტრატეგიული მენეჯმენტის ელემენტარული კურსის მიხედვით - ჭარბი მარაგების დაგროვება, კომპანიის ოპერაციების მენეჯმენტში დაშვებული უხეში შეცდომებით აიხსნება. თუმცა, სამთო საქმის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევაში, სავარაუდოდ, კომპანიის ინტერესებში შედიოდა, მადნის ჭარბი მარაგების დაგროვება, რადგან ეს კომპანიამ, შუამავლის მეშვეობით, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მესამე პირებზე, კერძო კოოპარატივებზე განაწილების გზით მოახერხა.
ამით, სპეციალისტთა აზრით, „ჯორჯიამ მანგანეზმა“ თავიდან აიცილა სერიოზული დანახარჯები, როგორც მოპოვებით საქმიანობაზე, ისე ეკოლოგიური ნორმების დაცვაზე. რეალურად მარაგები იმაზე ნაკლებ ფასად დააგროვა, ვიდრე მისი მოპოვება საკუთარი რესურსის გამოყენებით დაუჯდებოდა.
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მალხაზ წერეთელი ამბობს, რომ კერძო კოოპერატივების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ჭიათურაში მადანს ღია კარიერული წესით, „ჯორჯიამ მანგანეზის“ ლიცენზიით (კონტურებში) მოიპოვებენ, არ იცავენ ელემენტარულ ეკოლოგიურ ნორმებს: არ აკეთებენ ნიადაგის არც ტექნიკურ და მით უმეტეს, არც ბიოლოგიურ რეკულტივაციას.
თუ ასე აღვირახსნილი იქნება კოოპერატივების ქმედება საბადოზე, კვლავ დაბრუნდება ეს ჭარბი პროდუქცია. ახლა, ოთხი თვის მანძილზე, ამ ჭარბი პროდუქციით იმუშავებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და მალე ისევ იგივე მოხდება, დაგროვდება ეს პროდუქცია და ისევ პრობლემები შეექმნება ჭიათურის მოსახლეობას და იქ დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს.მალხაზ წერეთელი
დეპუტატის ინფორმაციით, ასეთი კერძო კოოპერატივების უმრავლესობაში, საერთოდ არ არსებობს შრომითი ხელშეკრულებები და მუშები უმძიმეს სამუშაოს „კაპიკების სანაცვლოდ“ ასრულებენ. ასეთი მეთოდებით მოპოვებულ მადანს კი კოოპეტარივებისგან სწორედ „ჯორჯიან მანგანეზი“ ყიდულობს.
მალხაზ წერეთელი ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირების კანონმდებლობა არ გაამკაცრა, „ჯორჯიან მანგანეზს“ ჭარბი მარაგების პრობლემა კიდევ დაუდგება, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკიდურესად დამძიმდება:
„თუ ასე აღვირახსნილი იქნება კოოპერატივების ქმედება საბადოზე, კვლავ დაბრუნდება ეს ჭარბი პროდუქცია. ახლა, ოთხი თვის მანძილზე, ამ ჭარბი პროდუქციით იმუშავებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და მალე ისევ იგივე მოხდება, დაგროვდება ეს პროდუქცია და ისევ პრობლემები შეექმნება ჭიათურის მოსახლეობას და იქ დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს.“
„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებას, რომ ოთხი თვით გააჩეროს წარმოება და დასაქმებულებს მხოლოდ ხელფასის 60 პროცენტი გადაუხადოს, აკრიტიკებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც. პროფკავშირების წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ რეალურად ეს საწარმოს „იძულებითი გაჩერებაა“:
„აი, ასეთი სიტუაციაა შრომის კოდექსში აღწერილია, როგორც იძულებითი მოცდენა. იძულებითი მოცდენა კომპანიის მხრიდან, 100 პროცენტით უნდა ანაზღაურდეს. ამ შემთხვევაში, კომპანია ეშმაკობას მიმართავს და სპეციალურ რეჟიმს ახსენებს. ასეთი რამე კი საერთოდ არ არის ნახსენები შრომის კოდექსში ანუ ჩვენი კანომდებლობა არ ცნობს ასეთ ტერმინს, თუმცა საქართველოს მთავრობაზე ამაზე რეაგირებს არ ახდენს.“
„ჯორჯიან მანგანეზი“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ შვილობილი კომპანიაა. მის მფლობელობაში არსებული: ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი, საქართველოში სილიკომანგანუმის, ფეროსილიკომანგანუმისა და ფერომანგანუმის წარმოების საშუალებას, უწყვეტ ციკლში იძლევა. ეს პროდუქცია ფოლადის წარმოებაში გამოიყენება. 2015 წელს, ფეროშენადნობთა წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 9 პროცენტს შეადგენდა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ამავე დროს არის ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი, როგორც იმერეთის რეგიონში, ისე მთლიანად საქართველოში. შესაბამისად მისი, დროებითი გაჩერებაც კი სერიოზული სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მომტანი იქნება, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე განსაკუთრებით, 40 000 ადამიანით დასახლებულ, ჭიათურის რაიონისთვის, რომლის ალტერნატიული განვითარების გეგმა (მანგანუმის მადნის მოპოვების გარეშე) საქართველოს მთავრობას უბრალოდ არ გააჩნია.