რუსეთი საქართველოს ყველა შეცდომას გამოიყენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ლიტვის ელჩი ამერიკაში თბილისს რჩევას აძლევს: "რუსეთი თითოეულ თქვენს ნაბიჯს გამოიყენებს თქვენს გასანადგურებლად. ყველა შეცდომა იქნება გამოყენებული საქართველოს გასანადგურებლად - არ დაუშვათ ეს შეცდომები.“
რუსეთის მიერ უკრაინაში კრიზისის ესკალაციის შემდეგ ვაშინგტონში საქართველოს მომავალზე უფრო აქტიურად საუბრობენ. როგორც პოლიტიკური, ასევე აკადემიური სფეროების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ, ეგრეთ წოდებული, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა ასევე იკვეთება შეხედულება, რომ ამ პროცესმა ქვეყნის მომავალზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობის კრიმინალიზაციის ტენდენცია შეინიშნება:
თქვენ ომში ხართ. არ არის საჭირო კუდიანებზე ნადირობა. ამის საზღვარგარეთ დაცვას ვერ შეძლებთ. გაერთიანდით! ეცადეთ ყველაფერი დემოკრატიული მეთოდებით გადაჭრათ. ნუ ებრძვით ერთმანეთს, მონახეთ შერიგების გზები. როცა გახდებით ნატოს წევრი, მაშინ შეგიძლიათ ერთმანეთზე ინადიროთ, იმიტომ, რომ მაშინ აღიარებული დემოკრატია იქნებით. ჩვენ ყველას გვაქვს პოლიტიკური შიდა ომები. მაგრამ თქვენ ნუ გააკეთებთ ამას ასეთ კრიტიკულ პერიოდში. რუსეთი თითოეულ თქვენს ნაბიჯს გამოიყენებს თქვენს გასანადგურებლად. ყველა შეცდომა იქნება გამოყენებული საქართველოს გასანადგურებლად - არ დაუშვათ ეს შეცდომები.
ლიტვის ელჩი ამერიკაში ზიგიმანტას პავილიონისი
„არ მომწონს, როცა პოლიტიკური მოქმედებების კრიმინალიზაცია ხდება. თუ არის რეალური სამხილი იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა, ეგ სხვა საქმეა. მაგრამ, ჩემი აზრით, საქარველოში გავრცელებულია ტენდენცია, რომ მოხდეს პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობის კრიმინალიზაცია. არ მგონია ეს საქართველოს დემოკრატიული პროექტის წარმატებას ხელს უწყობდეს. დემოკრატიზაციის პროექტმა მნიშვნელოვანი პროგრესი დაგვანახა, მაგრამ ახლა შეიქმნა პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.“

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვაზე დაბარებას ვაშინგტონში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამერიკის ხმასთან საუბრისას რამდენიმე ამერიკელმა ექსპერტმა საქართველოს ხელისუფლებას დაკითხვებთან და დაკავებებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მოკავშირეებს კარგავს:

„მე ვიტყოდი, რომ საქართველო კი არ კარგავს მეგობრებს, არამედ იკარგება - თუ არ ვიტყვი, რომ საბოლოოდ დაიკარგა - ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობა. იმიტომ, რომ როდესაც იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან ამერიკაში სხვა რამეზე საუბრობენ და ქვეყანაში სხვა რამე ხდება. როდესაც პარტნიორებთან არა ხარ თანმიმდევრული, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ნდობა პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა. მე იმედი მაქვს რომ ეს ნდობა აღდგება, მაგრამ იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს, უნდა შეწყდეს მთელი რიგი პროცესები.“

საქართველოს დესპანი ამერიკაში გიორგი ხელაშვილი ამ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკა და დასავლეთი საქართველოში დემოკრატიული პროცესების წინსვლას მიესალმებიან:

„საქართველო არის პირველი ფორპოსტი დასავლეთისათვის, როგორც რეგიონის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისე როგორც ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში, კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველო ვითარდება, დემოკრატიული პროცესი წინ მიდის. რა თქმა უნდა, მათ თავისი შენიშვნები აქვთ და ჩვენ მივიჩნევთ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები, რომ დემოკრატია არის საქართველოს უსაფრთხოების მთავარი საფუძველი და რაც დრო გადის ამას, რა თქმა უნდა, აცნობიერებს საქართველოს ხელისუფლებაც და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც.“

ეგრეთ წოდებულ, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ამერიკელი ექსპერტების უმრავლესობა ცალსახად დადებითად ან უარყოფითად არ აფასებს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ძირითადად სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და დასავლეთში საქართველოზე ჩამოყალიბებული შეხედულებების გათვალისწინებას ურჩევენ. ლიტვის ელჩს ამერიკაში ზიგიმანტას პავილიონისს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოსთვის უფრო პრაქტიკული რჩევები აქვს:

შეინარჩუნეთ გონიერება. მაშინაც კი, როცა გარშემო საგიჟეთია, შეინარჩუნეთ გონიერება. თქვენ არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. მე ძალიან მიყვარს საქართველო. თქვენი კულტურა - საქართველოში ყოფნისას მე ვნახე მეოთხე საუკუნეში აშენებული ეკლესია - ეს საოცრებაა - ლიტვა მე-13 საუკუნეში გაქრისტიანდა... თქვენ ძალიან ბრძენი ხალხი ხართ. შეინარჩუნეთ ერთიანობა. თქვენ ომში ხართ. არ არის საჭირო კუდიანებზე ნადირობა. ამის საზღვარგარეთ დაცვას ვერ შეძლებთ. გაერთიანდით! ეცადეთ ყველაფერი დემოკრატიული მეთოდებით გადაჭრათ. ნუ ებრძვით ერთმანეთს, მონახეთ შერიგების გზები. როცა გახდებით ნატოს წევრი, მაშინ შეგიძლიათ ერთმანეთზე ინადიროთ, იმიტომ, რომ მაშინ აღიარებული დემოკრატია იქნებით. ჩვენ ყველას გვაქვს პოლიტიკური შიდა ომები. მაგრამ თქვენ ნუ გააკეთებთ ამას ასეთ კრიტიკულ პერიოდში. რუსეთი თითოეულ თქვენს ნაბიჯს გამოიყენებს თქვენს გასანადგურებლად. ყველა შეცდომა იქნება გამოყენებული საქართველოს გასანადგურებლად - არ დაუშვათ ეს შეცდომები.“

ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ყოფნინსა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიებები დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რომლის მსგავსიც ევროპის არაერთ ქეყანაში ხდება. მისივე თქმით, ჰააგაში სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაზე შეშფოთება არავის გამოუხატავს:

„ჰააგაში სააკაშვილის თაობაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია არავისთან. არავის წამოუწევია ეს საკითხი და არ მესმის ეს ისტერიკა საიდან მომდინარეობს.“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსთვის კრიტიკული პერიოდია. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი თბილისს წინდახედულობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, საფუძვლიანია თუ არა ვაშინგტონში ქვეყანაზე არსებული უარყოფითი წარმოდგენები და უნდობლობა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შეხედულებები შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საქართველოსთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ვოკერის თქმით:

„მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ახლა, როცა რუსეთი ტერიტორიების მითვისებითაა დაკავებული, საქართველოსთვის ძალიან საშიში პერიოდია.“

ყოფილი ელჩი ასევე ამბობს, რომ ევროპაში არაერთი სახელმწიფო საბაბს ეძებს იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა შეამციროს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ზოგიერთ სკეპტიკოსს შეიძლება გაუჩინოს იმის თქმის საშუალება, რომ საქართველო მზად არ არის ნატოსთვისა და ევროკავშირისთვის. ეს კი რუსეთს მანევრირებისა და რეგიონში დამატებითი გაურკვევლობის შექმნის საშუალებას მისცემს.