ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს


პროკურატურას ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ბანკის" ხელოვნურად გაკოტრების საქმეც აინტერესებს
პროკურატურას ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ბანკის" ხელოვნურად გაკოტრების საქმეც აინტერესებს

შეაჩერებს თუ არა ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?

ამერიკის შეერთებული შტატები წუხილით გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. სააკაშვილს თბილისში, მთავარი პროკურატურაში, 27 მარტს, დღის პირველ საათზე ელიან. პროკურატურის შესაბამისი უწყება სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას ჩაბარდა.
პროკურატურა ექსპრეზიდენტის ათ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დაკითხვას გეგმას: ესენია - ზურაბ ჟვანის გარდაცვალების საქმე; სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე; მუხროვანის ამბოხების საქმე; ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ ხელოვნურად გაკოტრების საქმე;
ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე; პატარკაციშვილების ოჯახისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევის რამდენიმე საქმე; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა „მზის“მეპატრონეებისთვის წართმევის საქმე; ტელეკომპანია „ტვ25“-ის მფლობელების მოსყიდვის საქმე.
ასევე, კორუფციის რამდენიმე საქმე, რომლებიც ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 000 000-მდე ლარის გაფლაგვას; მიხელ სააკაშვილის ბიძისთვის თემურ ალასანიასთვის სახელმწიფო ქონების ჩუქების ფაქტს და აგრარული უნივერსიტეტის სახსრების გაფლაგვის ფაქტს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას. განცხადებაში კერძოდ ვკითხულობთ
"არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია.“
უფრო მწვავე იყო ესტონეთის პრეზიდენტის შეფასება. „MAP-ი და ასოცირების ხელშერულება არის ის საკითხები, რომლებიც რთულად გადასაწყვეტია როდესაც ყოფილ ლიდერებს პროკურატურაში იბარებენ“ - განუცხადა ბრიუსელში მყოფმა თომას ჰენრიკ ილვესმა ქართველ ჟურნალისტებს.
ბრიუსელშივე გააკეთა ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი არც იწონებს და არც უწუნებს პროკურატურას გადაწყვეტილებას.
„პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული და ამასთან ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში“ - თქვა უსუფაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეები თედო ჯაფარიძე და ირაკლი სესიაშვილი პროკურატურაში სააკაშვილის მოწმის სახით დაბარების გამო, ევროინტეგრაციის პროცესიის შეფერხებას არ ელიან.
თედო ჯაფარიძე: „ნუ მოვახდენთ ამის დრამატიზირებას. მსოფლიოში უამრავი პრეზიდენტი დაუკითხვათ. გავიხსენოთ - სარკოზი, ბერლუსკონი, შირაკი, კიდევ უამრავი. აქ საუბარი არ არის ვინმეს დაკავებასა და დაპატიმრებაზე. უბრალოდ, პროკურატურას აქვს კითხვები და მას სურს ამ კითხვებზე პასუხი სააკაშვილმა გასცეს.“
ირაკლი სესიაშვილი: „მერაბიშვილის დაკავებასთანაც შეშფოთება გამოხატა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, მაგრამ მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესები ჩატარდა, დარწმუნდნენ რომ ყველაფერი გამჭირვალედ წარიმართა და სასამართლომ ობიექტურად მიიღო გადაწყვეტილება არავის პრეტენზია აღარ გამოუთქვამს და ეს საკითხი დღის წესრიგში არც დგას.“
თავად, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებას, ჰოლანდიიდან, მეუღლის სანდრა რულოვსის მშობლიურ ქალაქ ტერნეზენიდან გამოახმაურა და ხაზი გაუსვა, რომ თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს. სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ოქტობრის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG