კიევი მოსკოვისგან 12-მილიარდიან ტრანშს 2014 წლის დასაწყისში ელოდება

აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა
უკრაინა რუსეთისგან ფინანსური სტიმულირების პაკეტის მთავარ, 12-მილიარდიან ნაწილს 2014 წლის დასაწყისში ელოდება - აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, „რუსეთის კრედიტი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობისთვის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს“.

კიევმა მოსკოვისგან უკვე მიიღო 3-მილიარდიანი ტრანში. აღნიშნული დახმარება განიხილება, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შეშლისთვის და საკუთარ ორბიტაზე, რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვების მცდელობა.

რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გამო უკრაინის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. კიევის ცენტრალურ მოედანზე ყოველ უქმეებზე ასობით ათასი მომიტინგე იკრიბება. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აქციების იგნორირების პარალელურად, მათი დაწყების შემდეგ რუსეთთან კავშირები კიდევ უფრო განამტკიცა. ის მოსკოვს არამარტო მოცულობით კრედიტზე შეუთანხმდა, არამედ ბუნებრივი აირის 3-ჯერ უფრო იაფად მიწოდების ხელშეკრულება დადო.