ამ საკითხს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თომას ჰამარბერგი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში შეეხო
Your browser doesn’t support HTML5
ვინ რა უნდა გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. ეს საკითხი დღესაც აქტიურად იხილება. აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობის თაობაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რასაც მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრემიერმა მომდევნო გამოსვლაში დააკონკრეტა, რომ იგი ომის დაწყების ინიციატორად ქართულ მხარეს არ მიიჩნევს, მხოლოდ ფიქრობს, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ საკითხს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თომას ჰამარბერგი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში შეეხო და განაცხადა:
"ჩემი რჩევა იქნება, რომ დავუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს .წაიკითხეთ ის სრულად. ამ ანგარიშში ასახულია, თუ რა გაკეთდა ან არ გაკეთდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული, საქართველოს პროკურატურა აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია ჰააგის სასამართლოს,” ჰამარბერგის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი მიდის თავდაცვის სამინისტროშიც.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სტრასბურგისა და ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ძალიან ბევრი სარჩელი შემოვიდა. საჩივრები ძირითადად ეხებოდა სამოქალაქო პირებისა და ტყვეების უფლებების დარღვევის ფაქტებს. ამ საჩივრების საფუძველზე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა ომის დროს სამხედრო დანაშაულისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესწავლა დაიწყეს. ისინი შეისწავლიან ჰქონდა თუ არა ადგილი ეთნიკურ წმენდას წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. აქ არაა შესწავლის საგანი ის, თუ ვინ დაიწყო ომი, ან შესაძლებელი იყო თუ არა მისი თავიდან აცილება“,– განაცხადა თომას ჰამარბერგმა.
თბილისის მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ომის დანაშაულებების გამოძიების აუცილებლობა არ არსებობს. მისი თქმით:
„არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები უკვე დადო, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას. არავის არ ჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის „მასკოვსკაია კვარტირაში“ იჯდა შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება, არავის ჯერა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ყოველთვის თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მეკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. რა თქმა უნდა, არც იმის არავის არ ჯერა, რომ ივანიშვილი, რომელიც ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის, ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვთ. სხვათა შორის, განსხვავებით პრეზიდენტისგან, მე მივალ და იმ გამომძიებელს თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი, რომ დრო დადგება და თავს ვერ გაიმართლებს, რადგან ღალატში მონაწილეობას იღებს. ამას აუცილებლად გავაკეთებ.“
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარ საქმეებზე არაერთ სარჩელს იცნობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე აკისრია პასუხისმგებლობა გამოიძიოს ომის დროს მომხდარი დანაშაულები.
„საქართველო რომის სტატუტის მხარეა (საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 16 ივლისის #2479 დადგენილებით მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლოს რომის წესდების (რომის სტატუტი) რატიფიცირება. რომის სტატუტიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ისეთი დანაშაულების გამოძიებისა და დასჯის მიზნით, როგორებიცაა გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის დანაშაული და აგრესია (აგრესისს დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდება მას შემდეგ, რაც განიმარტება თავად ეს ტერმინი http://www.justice.gov.ge/index.php?sec_id=226...id ) და აქვს ვალდებულება, მის ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები გამოიძიოს. ეს ვალდებულება მას ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე 2008 წლის კონფლიქტი მოხდებოდა. იგივე ვალდებულება აქვს რუსეთსაც. რუსეთსაც აქვს ვალდებულება მის ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული. საუბარი იყო მხოლოდ ამაზე და სხვა არაფერზე. ომის დროს რა მოხდა, ვინ დაიწყო და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის თაობაზე არსებობს ტალიავინის დასკვნა და არაფერი ზედმეტად გამოსაძიებელი არ არის, რადგან აქ მთელი ინფორმაციაა თავმოყრილი. კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიება კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში: რა მოხდა, რა უფლება დაირღვა და ასე შემდეგ, ასეთი ვალდებულება სახელმწიფოს ჰქონდა ყოველთვის. არ ასრულებდა ამ ვალდებულებას. ახლა ან ისევ ეს არ–შესრულება უნდა გააგრძელოს, ან შეასრულოს. ეს საუბარი წამოვიდა იქიდან, რომ საქართველოში ICC -ის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს) დელეგაცია იყო ჩამოსული. ისინი ყოველ წელს ჩამოდიან როგორც აქ, ისე რუსეთში და ყოველ წელს სვამენ კითხვებს იმის თაობაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და აპირებს თუ არა ქვეყანა გამოძიებას კონკრეტული ფაქტების. ამჯერადაც ასეთი ვიზიტი იყო, რასაც მოჰყვა ამ თემის წამოწევა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ელოდება წლებია ჩვენგან და რუსეთისგან ამ გამოძიების წარმოებას. საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ აპირებს კონკრეტული საქმეების გამოძიებას“,– ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ლია მუხაშავრია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელი, რომლის ორგანიზაციასაც აგვისტოს ომის შესახებ 39 სარჩელი აქვს შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურას მიმართეს რამდენჯერმე კონკრეტული დანაშაულის გამოძიების თხოვნით, სადაც დაზარალებული თანახმა იყო ჩვენების მიცემაზე, მაგრამ პროკურატურამ ყველა საქმე გამოძიების გარეშე დატოვა.
„ომის დანაშაულის გამოძიება არასდროს არაა ხანდაზმული, ან დაგვიანებული და უდროო იმის გამო, რომ ესაა ყველაზე მძიმე დანაშაული, რასაც ადამიანური ცივილიზაცია იცნობს. ყველა სახელმწიფოს აქვს ასეთი ვალდებულება, განსაკუთრებით მათ, ვინს რომის სტატუტსაა მიერთებული. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელი გადის, კვლავინდებურად აქტუალურია, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული. ბევრი საქმე, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა აღებული, საქართველოში სასამართლომდე ვერ მივიდა, რადგან გამოძიებამ არც ერთხელ პასუხი არ დაგვიბრუნა ჩვენ წერილობითი მიმართვაზე. როდესაც ჩვენთან იყო გაუპატიურების მსხვერპლი და ჩვენ პროკურატურას მივმართეთ და ვუთხარით, რომ იგი მზად იყო ჩვენების მისაცემად, ამას არ მოჰყვა პროკურატურის მხირდან არანაირი რეაგირება არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე, აი ეს მაძლევს მე საფუძველს დღეს ვამტკიცო, რომ პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა. რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, გაცილებით უფრო რთულია გამოძიების წარმოება, მაგრამ ეს ვალდებულება არავის არ მოუხსნია მთავრობისთვის და მან ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს“,– ამბობს ლია მუხაშავრია.
კანონმდებლობის მიხედვით, ომის დანაშაულის გამოძიების ვალდებულება საქართველოს პროკურატურას ახლაც ისევე აქვს, როგორც ამ ხუთი წლის მანძილზე ჰქონდა. აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება ასევე დაწყებული აქვს ჰააგის ტრიბუნალსაც.