ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს წევრად შავკანიან ქალს წარადგენს


ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს დადებულ პირობას შეასრულებს და ლიბერალი მოსამართლის, სტივენ ბრაიერის მიერ გადადგომის და პენსიასზე გასვლის შემდეგ, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, პირველად ისტორიაში, შავკანიან ქალს დაასახელებს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ თავის კანდიდატს თებერვლის ბოლომდე დაასახელებს და ღრმად დაყოფილ საკანონმდებლო ორგანოში სენატის ლიდერებთან იმუშავებს, რათა კანდიდატის დროულად დამტკიცება მოხდეს. სენატი ორად არის გაყოფილი დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის და კრიტიკულად გადამწყვეტი ერთი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს.

მოსამართლის დასახელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგჯერ საკამათო აქტია, რის გაკეთებაც ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია. ძლიერ და კრიტიკულად მნიშვნელოვან, ცხრა-წევრიან სასამართლოს ეკუთვნის საბოლოო სიტყვა, როდესაც საქმე ადმინისტრაციის, კონგრესის და შტატების ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობას ეხება.

ბაიდენი დროშია შეზღუდული. მან მოსამართლის დანიშვნა, კონგრესის ნოემბრის არჩევნებამდე უნდა მოასწროს. თუ რესპუბლიკელები სენატზე კონტროლს დაიბრუნებენ, პრეზიდენტს თავისი კანდიდატის გაყვანა გაუჭირდება.

ბაიდენისთვის ეს პირველი შესაძლებლობაა, მოსამართლე დაასახელოს. ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ ორი ლიბერალი მოსამართლე დანიშნა, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი უზენაეს სასამართლოში სამი კონსერვატორი მოსამართლე შეიყვანა.

XS
SM
MD
LG