ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მევენახეობა სახელმწიფო სუბსიდირების მახეში


რთველი
რთველი

საქართველოს მთავრობა, რომელმაც ბოლო ორი წელია კახელი გლეხი, შემოდგომაზე,ყურძნის ჩაბარებისას, შედარებით, მაღალ სუბსიდიას მიაჩვია, ახლა რეგიონში, პოლიციის გაძლიერებით არის დაკავებული, რომ სოციალური ბუნტი თავიდან აიცილოს. მევენახეების უკმაყოფილებას შემცირებული სახელმწიფო სუბსიდია იწვევს, რასაც ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სერიოზული პრობლემები ემატება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, 2013 და 2014 წლებში, კახეთში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად, ჯამში 270 მილიონამდე ლარი დახარჯა (100 მილიონი - 2013-ში და 169 მილიონი - 2014-ში). წელს, მთავრობა დიდხანს მსჯელობდა, საერთოდ მოეხდინა თუ არა, ცენტრალური ბიუჯეტიდან, მევენახეობის წამგებიანი დარგის სუბსიდირება. საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნების წინა წელს, ხელისუფლებამ აღარ გარისკა. თუმცა, სუბსიდია შეამცირა.

თუ, 2014 წელს, კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი - 1 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო, წითელი ყურძენი, ხარისხისა და მიკროზონების მიხედვით, 2-დან 3 ლარამდე იყო; წელს, თეთრი ყურძენი 70 თეთრი ღირს, წითელის ფასი კი 85 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს.

თეთრ ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრია, წითელზე - 15 თეთრი, დანარჩენი თანხა გლეხებს ღვინის კომპანიებმა უნდა დაუფარონ, რომლებსაც ისევ შეუძლიათ „იაფი“ სახელმწიფო კრედიტით სარგებლობა. კახელი გლეხები ამბობენ, რომ ვენახის მოვლა გაცილებით ძვირი უჯდებათ. საპროტესტო განწყობებია თითქმის მთელ კახეთში, ვაქირში, სამთაწყაროში, თელავში, გურჯაანში,

„მოვიდნენ აქა ხელისუფლება, როცა არჩევნები იყო, იქ კარგა მეძახოდნენ, ორღობე-ორღობე დადიოდნენ, ახლა დეპუტატს ვეღარ ვპულობთ. მე ყურძენს 35 თეთრად არ ჩავაბარებ! არცერთი არ ჩააბარებს ამ ფასად! ხალხო, ჩააბარებთ? რომელიმე ჩააბარებთ?

„არა! არა!“

„70 თეთრი საფერავზე რა არის კაცო? ახლანდელი 70 თეთრი არის უწინდელი 45 თეთრი, ძალა აღარა აქვს ფულსა, წამალი გვიჯდება მარტო მაგდენი, დაყადაღებული მაქვს სახლი, ბანკში მაქ კრედიტი, რა ვქნა? ხალხი, შიმშილის ზღვარზეა მისული“

კახელი გლეხებისგან განსხავებით, ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს როლი ყურძნის ფასწარმოქმნაში, შედარებით შემცირდა. წლების მანძილზე, სახელმწიფო მეღვინეებს აიძულებდა, მევენახეებისგან, ყურძენი იმ ფასად ეყიდათ, რაც სოციალურის აფეთქების თავიდან ასაცილებლად ან საარჩევნო ხმების დასაგროვებლად იყო საჭირო.

კომპანია „თბილღვინოს“ მეპატრონე ზურაბ მარგველაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ 2014 წელს ყურძნის ფასი, არ იყო საბაზრო ფასი. ხელოვნურად გაზრდილმა ფასმა და სახელმწიფო სუბსიდირებამ, მევენახე კი ახეირა, მაგრამ დააზარალა მეღვინეობის დარგი, გააძვირა რა ქართული ღვინო.

„შარშანდელი წელი იყო სრულიად ალოგიკური, სრულიად ამოვარდნილი. არანაირი ბიზნესის კანონებში ის ფასები, რაც შარშან იყო ყურძენზე, არ ჯდებოდა. იყო დიდი აჟიოტაჟი რუსეთის ბაზრის გახსნის გამო. როგორც გამოჩნდა, ეს იყო ჭარბი აჟიოტაჟი და ჭარბი მოლოდინი. შარშან, ვინც მიიღო, ყურძენში მაღალი ფასი, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, მაგრამ ეს იყო რეალობიდან ყველანაირად ამოვარდნილი ფასი.“

ქართულ მეღვინეობას კი ისევ სერიოზული პრობლემები უდგას. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი, მთავარ ბაზრებზე - რუსეთში, მთელი 58 პროცენტით, ხოლო უკრაინაში 63 პროცენტით შემცირდა. ქართული ღვინის გაძვირების გარდა, აქ მთავარო როლი, საერთაშორისო ეკონომიკურმა სანქციებმა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებამ და სამხედრო კონფლიქტებმა ითამაშეს.

საინტერესოა, რომ 2013 წელს, უცხოეთში, 46 მილიონ 700 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა; 2014 წელს კი ქართული ღვინის ექსპორტმა თითქმის 60 მილიონ ბოთლს (59 067 335) მიაღწია და მსოფლიოს 46 ქვეყანა მოიცვა. აქედან, რუსეთში მთელი ქართული ღვინის ექსპორტის 63 პროცენტი - 37 მილიონ ბოთლზე მეტი (37 615 052) შევიდა.

2015 წლის, პირველ რვა თვეში კი, მსოფლიოს 37 ქვეყანაში, მხოლოდ 20 მილიონამდე ბოთლი (19 860 452) ქართული ღვინოა გაყიდული. მთავარ საექსპორტო ბაზრებად - რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი რჩებიან.

უცხოეთის ქვეყნებში, ქართული ღვინის ექსპორტის განახევრება, მძიმედ აისახება, როგორც მეღვინეებზე, ისე, განსაკუთრებით, მევენახეებზე. მით უმეტეს, რომ წელს კახეთში, რთველზე, შარშანდელთან შედარებით (110 000 ტონა), ორჯერ მეტს, 200 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.

XS
SM
MD
LG