უცხოური პრესის დღევანდელ მიმოხილვას ვიწყებთ საიმონ შუსტერის სტატიით „ობამას მრჩევლის განცხადებით რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ერთ წელიწადში შეუერთდება,“ რომელიც გაზეთ „ვოშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„მოლაპარაკებების თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მომდევნო 12 თვის მანძილზე შეუერთდება, აღნიშნა დღეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ლორენს სამერსმა.
რუსეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც დღემდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო. როგორც ცნობილია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 153 ქვეყანას აერთიანებს და გლობალური ვაჭრობის წესებს არეგულირებს.
შეერთებული შტატების მოკავშირე საქართველო, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომში იყო ჩართული, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და შეერთებულმა შტატებმა ომის შემდეგ რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა.
მაგრამ ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე ხსენებული მოლაპარაკებები განახლდა და სამერსმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს.
‘ამერიკის პოლიტიკა არ ითვალისწინებს პირდაპირ კავშირს უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას შორის,’ აღნიშნა სამერსმა.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იანუშ ონიშკიევიჩის სტატიით „მომღიმარე დათვებთან სიფრთხილე გვმართებს,“ რომელიც ვებ გვერდ „პროჯექტ სინდიკატზე“ 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს და ჩეჩნეთსა და საქართველოში ომების შემდეგ რუსეთის გადახვევამ დემოკრატიზაციისგან ევროკავშირს უბიძგა რუსეთთან ნამდვილი პარტნიორობის მიმართ უფრო ფრთხილი და ნაკლებად ოპტიმისტური განცხადებები გაეკეთებინა.''
‘ჩვენ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მიმართ უნდა ვისწრაფვოდეთ რადგან ეს სახელმწიფო ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. საერთო ღირებულებების პატივისცემა სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით გაწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად გაზრდის,’ აღნიშნულია 2004 წელს მიღებულ ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაში.
საქართველოში 2008 წელს რუსეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ კი ხსენებული დოკუმენტის ტექსტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა მასში ნათქვამია, რომ ‘დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სრულად შესრულების გარეშე სტრატეგიული პარტნიორობა შეუძლებელი იქნება.
ამასობაში რუსებს ევროპის მიმართ სხვადასხვა შეხედულებების შეთანხმება უჭირთ. ზოგს ‘ბრიუსელის ბიუროკრატებისგან გული ერევათ.’ მათ შორის არის რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ‘გერმანიაში, იტალიასა თუ საფრანგეთში უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.’
კოსაჩოვს და მის თანამოაზრეებს არ სჯერათ, რომ ევროკავშირი მზად არის რუსეთთან უსაფრთხოების საკითხები განიხილოს, რაც რუსეთის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. კოსაჩოვის მიდგომა გაუმართლებელი როდია რადგან რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, განსაკუთრებით რაც შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები რუსეთთან ერთი ხმით უნდა ლაპარაკობდნენ, ევროკავშირის გარკვეულ ქვეყნებს რუსეთთან ორმხირივი ურთიერთობის განვითარება უფრო აინტერესებთ, განსაკუთრებით როცა ლაპარაკია მომხიბვლელი კომერციული კონტრაქტების გაფორმებაზე. ისინი ევროკავშირის ეგიდის ქვეშ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იკრიბებიან. შედეგად რუსეთი ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთს უპირისპირებს.
დასავლეთის მიმართ რუსეთის ლიდერების მზარდმა გულისწყრომამ გააძლიერა მათი მიდრეკილება ისეთი კონცეფციების გამოყენების მიმართ როგორიც არის ‘ძლევამოსილი სახელმწიფოები’ და ‘გავლენის სფეროები,’ და განამტკიცა მათი რწმენა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ნულოვან თამაშს წარმოადგენს, რომელშიც სხვა ქვეყნების წაგება რუსეთის მოგებას ნიშნავს. ამდენად მათთვის მიუღებელია ის შეხედულება, რომლის თანახმადაც უფრო ეფექტური მრავალმხრივი ორგანიზაციები, ნდობა, თანამშრომლობა და ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო უსაფრთხოებას აძლიერებს. პირიქით, მათთვის რუსეთის მიერ ზესახელმწიფოს სტატუსის დაკარგვა კვლავინდებურად ყოვლად მიუღებელი რჩება.“