ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის შედარებით ახალი ვარიაცია, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, ადრეულ ვარიანტებთან შედარებით, არამარტო უფრო მაღალი გავრცელებით, არამედ გაცილებით მაღალი სიკვდილობითაც გამოირჩევა.
კვლევა ოთხშაბათს გამოქვეყნდა "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში". მეცნიერების დასკვნით, B.1.1.7 ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანს სიკვდილის 30-დან 100-მდე პროცენტით მეტი შანსი აქვს. ამ შანსების საშუალო მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს.
ასევე შემაშფოთებელია ბრაზილიაში ნაპოვნი P.1 ვარიანტი, რომელიც პირველად ნოემბერში აღმოაჩინეს. ის 1.4 - 2.4-ჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ვირუსის პირველადი ვერსია და მისგან რეინფიცირებაც ხშირია. ბრაზილიაში ნაპოვნი ვარიაციის სიკვდილობის მაჩვენებლებს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ.
"ჩვენ ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ, ვიდრე მსოფლიო არ იქნება უსაფრთხოდ" - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ის "კოვაქსს", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინებით უზრუნველყოფის საზიარო პროგრამას 4 მილიარდ დოლარს დაპირდა.
ოთხშაბათს კოვიდ-19-ზე კიდევ ერთი საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. ნიუ-იორკის "მაუნთ-სინაის" სამედიცინო სკოლის მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც კოვიდ-19 უკვე გადაიტანეს, "მოდერნას" ან "ფაიზერ-ბიონტექის" ორდოზიანი ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრა დასჭირდებათ.
Facebook Forum