1 დეკემბერი შიდსის დღეა. უკვე მეორედ, ეს დღე მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე აღინიშნება. მაშინ როცა ბევრი ორგანიზაცია ცდილობს ამ დღეს გაზარდოს აივ ინფექციაზე ცნობადობა, მეტი მხარდაჭერა გამოხატოს დაავადებულების მიმართ და მოიგონოს მილიონობით შიდსის მსხვერპლი, კოვიდ-19 ვითარებას ისევ ართულებს. შიდსით (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) დაავადებულებს ჯანდაცვაზე წვდომა წელსაც შეზღუდული აქვთ. კვლავ დაუძლეველია დაავადებასთან ბრძოლის თანმხლები ორი მთავარი პრობლემა: უთანასწორობა და სტიგმა. ამ ორისგან თავისუფალი არც კორონავირუსი აღმოჩნდა.
რატომ აღინიშნება შიდსის დღე
შიდსის დღე 1988 წელს დაწესდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს პირველი დღეა, რომელიც გლობალურად ჯანდაცვის საკითხს მიეძღვნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს დედამიწაზე ამ ვირუსით დაახლოებით 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირება პირველად 1984 წელს მოხდა. მას შემდეგ, შიდსით, ან მასთან დაკავშირებული დაავადებებით, დედამიწაზე 36 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რის გამოც აივ ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) პანდემიების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულად ითვლება.
ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია, რადგან ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ შიდსის პრობლემა ბოლომდე დაძლეული არ არის და ის არსად წასულა. შიდსთან ბრძოლას და ადამიანთა სიცოცხლის ხსნას ჯერ კიდევ ესაჭიროება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, განათლების გაუმჯობესება, ცნობადობის გაზრდა და სტერეოტიპებთან ბრძოლა.
შიდსი და კოვიდ-19
იმის მიუხედავად, რომ შიდსს და კოვიდ-19-ს განსხვავებული ვირუსები იწვევს, სხვადასხვაა გადაცემის მეთოდები, სიმპტომები, თუ დაავადებები, ამ ორ მასშტაბურ პანდემიას ერთმანეთს მაინც ხშირად ადარებენ.
დღეს შეერთებულ შტატებში ბევრი უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, გაცილებით მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ვიდრე შიდსით - მთელი მისი არსებობის მანძილზე, რაც უკვე 37 წელს უდრის. შიდსს დაახლოებით 700 000 ამერიკელი ემსხვერპლა, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 803 000-ს აღემატება.
კოვიდ-19-ის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 1918 წლის ესპანური გრიპის მსხვერპლსაც კი გადააჭარბა. როგორც ცნობილია, ე.წ. ესპანკის პანდემიას 675 000 ამერიკელი შეეწირა.
თუმცა, მსგავსი შედარებები არათანაბარზომიერია. თუნდაც იმიტომ, რომ 1918 წელს ამერიკის მოსახლეობა გაცილებით მცირე იყო, დღევანდელის დაახლოებით ერთი მესამედი. ამიტომ, პროცენტულად, ესპანური გრიპით შეერთებული შტატების მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი გარდაიცვალა, ვიდრე კოვიდ-19-ით.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ შიდსის ვაქცინა დღემდე არ შექმნილა და ეფექტურმა სამკურნალო საშუალებებმაც საკმაოდ დააგვიანა. თუმცა, შიდსის ანტირეტროვირუსული სამკურნალო საშუალებები ძალზე ეფექტური აღმოჩნდა, რამაც აივ ინფექციასთან დაკავშირებული სიკვდილობა მკვეთრად შეამცირა და ის ქრონიკულ, მართვად დაავადებად აქცია. ამ მედიკამენტებმა სულ ცოტა, 20 მილიონი ამერიკელის სიცოცხლე იხსნა. შიდსისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინები ძალიან მალე, იმავე წელს შეიქმნა და ამერიკაში პირველი, „მოდერნას“ ვაქცინა უკვე 2020 წლის დეკემბერშივე დამტკიცდა.
თუმცა, არის ერთი რამ, რაც ამ ორ პანდემიას დანამდვილებით აერთიანებს. როგორც შიდსმა, ისე კოვიდ-19-მა ძალზე არაპროპორციულად, გაცილებით უფრო მეტად დააზარალა უმცირესობათა და სოციალურად დაუცველთა ჯგუფები ამერიკაში.
„უთანასწორობასთან ბრძოლისუნარიანი მიდგომის გარეშე, რომელიც აივ ინფექციის დასრულებისთვის გვესაჭიროება, მსოფლიოს გაუჭირდება კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულებაც და მომავალი პანდემიების წინაშეც მოუმზადებელი იქნება“ - ამბობს შიდსის დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ მიმართვაში ვინი ბინიაიმა, გაეროს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის გაერთიანებული პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, უთანასწორობა პანდემიებთან ბრძოლაში პროგრესს ამუხრუჭებს და მისი დასრულება აუცილებელია იმისთვის, რომ დასრულდეს პანდემიაც.
Facebook Forum