შაბათს, 19 იანვარს, მესამე ქალთა მარშის დროს, ათასობით ქალი აშშ-ის და მსოფლიოს ქალაქებში შეიკრიბება გენდერული თანასწორობის, გარემოსდაცვითი და საემიგრაციო, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების მისაპყრობად.
პრეზიდენტ ტრამპის პირველ სამუშაო დღეს, ასობით ათასი ქალი ვაშინგტონის ქუჩებში გამოვიდა, რათა ოპოზიცია გამოეხატა ახალი ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის მიმართ. აშშ-ის 600-მდე სხვადასხვა ადგილას, ისევე როგორც მსოფლიოს ქალაქებში, ვაშინგტონის მარშის სოლიდარობის აქციები ჩატარდა. მონაწილეები ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებით, პრეზიდენტის ვულგარულ გამონათქვამებზე არაპირდაპირი მინიშნებით და საგანგებოდ მოტანილი ქუდებით, თუ სამოსით იყვნენ მოსულები.
2018 წელს, ქალთა მარშის ორგანიზატორები შეეცადნენ სწორედ პირველი მარშის იდეებზე გაეკეთებინათ აქცენტი. მათ შორის პრინციპული იყო ქალი ამომრჩევლების ძალა და პოლიტიკური დატვირთვა.
ქალებმა მეორე მარში ნევადაში გამართეს, შტატში, რომელიც ერთერთი ყველაზე კრიტიკულია ამერიკის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში. მარშის მთავარი ლოზუნგი იყო“ ძალაუფლება არჩევნებს!“ იქ აქცენტი კეთდებოდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის მნიშვნელობაზე და მიტინგებზე. მაშინ ნევადაში აქტივისტები, ისევე, როგორც კონგრესის წევრები გამოვიდნენ.
2019 წელს, ორგანიზატორები მარშს ისევ ვაშინგტონში გამართავენ. იმედი თავიდანვე დიდი იყო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის არჩევნებში 102 ახალი ქალი პოლიტიკოსი აირჩიეს კონგრესში. თუმცა, მორიგი მარშის შემადგენლობაში, პროტესტის ნიშნად, აღარ ვიხილავთ რამდენიმე ცნობილ სახეს და სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაციას. წინააღმდეგობა წარმოიშვა მარშის რამდენიმე ორგანიზატორი ქალის გარშემო, რომლებსაც რასისტული და ანტისემიტური განცხადებების გაკეთება ბრალდებათ.
შაბათს, ვაშინგტონში იგეგმება კიდევ ერთი მარში - ყველა ქალის მარში, რომლის ორგანიზატორების თვლიან, რომ მთავარი მარში წინააღმდეგობრივია და არ მოიცავს ყველას.
ანალოგიური ღონისძიებები გაიმართება ევროპაში, კანადაში, ისრაელში, ნიგერიაში, პაკისტანში, მექსიკასა და ახალ ზელანდიაში.
Facebook Forum