ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიზნესმენი ქალები


როგორც ირკვევა, ისინი არატრადიციულ სფეროშიც წარმატებული არიან

ამერიკაში ბიზნესმენი ქალების რიცხვი თანდათან იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში მცირე ბიზნესების მესამედზე მეტს უკვე ქალები ფლობენ. ამასთან, ისინი ხშირად ისეთი სახის საქმიანობას ეწევიან, რომელიც ტრადიციულად მამაკაცთა ექსპერტიზის სფეროდ ითვლებოდა და დღესაც ასეთად ბევრს მიაჩნია.

ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ქალი საბარგო მანქანების ბიზნესს მართავდეს. თუმცა, კომპანია „ეფლ ტრანსფერის“ მფლობელი ბარბარა აირსია. ვირჯინიის ქალაქ ფრედერიკსბურგში 1988 წელს დაარსებული ფირმა პირადი და ბიზნესების სატვირთო გადაზიდვების მომსახურებით არის დაკავებული.

თავიდან მე და ჩემმა ძმამ ერთი პატარა საბარგო მანქანით დავიწყეთ. მე ოფისიდან ვმართავდი, ის კი უშუალოდ გადაზიდვებით იყო დაკავებული,“ - ჰყვება ბარბარა. მისი თქმით, დღეს კომპანიას საბარგო მანქანების მთელი პარკი და უზარმაზარი საწყობები აქვს. „ეფლ ტრანსფერში“ 100-ზე მეტი მუშახელია დაკავებული.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ანა ჰარვი, ამერიკის მცირე ბიზნესების ადმინისტრაციიდან ამბობს, რომ ქალთა მიერ დაწყებული კერძო საქმიანობა აყვავების გზაზეა.

1979 წელს რომ შევადაროთ, ქალ მეწარმეთა რაოდენობა 5 პროცენტს არ აღემატებოდა. ხედავთ, სადამდე მივედით? დღეს იმ მცირე ბიზნესების რიცხვი, რომელთაც ქალები ფლობენ, 30 პროცენტს უდრის,“ - აღნიშნავს ის და ამ ფაქტს 1970 წელს მიღებული კანონმდებლობით ხსნის.

„მაშინ კანონში სპეციალური შესწორება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც ქალებს კრედიტის აღება მამაკაცი გარანტორის გარეშე შეეძლოთ. ამან ბიზნესმენ ქალთა რაოდენობის ზრდას დიდი სტიმული მისცა. შემდეგ ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა. ბევრი ქალი უმუშევარი დარჩა. სამსახურის ძებნის პროცესში ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს დრო რომელიმე საყვარელი საქმიანობის დასაწყებად გამოეყენებინა და ასე გაიზარდა ბიზნესმენ ქალთა რიცხვი,“ - ჰყვება ამერიკის მცირე ბიზნესების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ადრე ანა ჰარვისაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მისი თქმით, ფედერალური მთავრობა ქალებს, როგორც უმცირესობას, მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს.

გასულ წელს ჩვენ 160 ათას ბიზნესმენ ქალს მარკეტინგის სტრატებიების შექმნის, ბიზნეს-გეგმების შემუშავების, სოციალური მედიის ჩართვის და მრავალი სხვა სახის საქმიანობაში დავეხმარეთ, რათა მათი ბიზნესები წარმატებული ყოფილიყო,“ - ამბობს ის.

ბარბარა აირსი ყვება, რომ მისი კომპანია, რომელიც გადაზიდვების მომსახურებით არის დაკავებული, ფედერალური მთავრობის კონტრაქტორია. მას ამერიკის მცირე ბიზნესების ადმინისტრაციაც დაეხმარა, რომელიც ქალ-ბიზნესმენებს სამთავრობო დაკვეთებით უზრუნველყოფაში ეხმარება.

„ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროდანაა. ასევე მოვიხსენიებით: თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანია. ის ჩვენი ფირმის ოფისით უზრუნველყოფასაც ახდენს,“ - ამბობს ბარბარა.

ასე გაიღო მისთვის კარი, რომლის საკეტსაც ტრადიციულად მხოლოდ მამაკაცები ფლობდნენ.

„საბარგოების ბიზნესში ვარ და ჩემი კოლეგებისთვის ეს დღესაც სიახლეა. ჩვენს ინდუსტრიაში მამაკაცები დომინირებენ და ხშირად ამის გამო წინააღმდეგობასაც ვაწყდები. რას იზამ, ტრაციციული დინების საწინააღმდეგოდ სიარული იოლი არ არის,“ - ამბობს ის.

ბარბარას ბარიერები არ აშინებს. მიაჩნია, რომ ამის გამო საქმე კიდევ უფრო საინტერესო ხდება და საკუთარი საქმიანობა ეამაყება კიდეც:

„მანქანით რომ ვმგზავრობ და ტრასაზე ჩემს საბარგოებს მოვკრავ თვალს, გული სიამაყით მევსება და თითქოს ძალაც მემატება.“

ბარბარას სიამაყეს ამერიკაში უფრო და უფრო მეტი ქალი-ბიზნესმენი იზიარებს.
XS
SM
MD
LG