ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზავნილები თეთრი სახლიდან


საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან, თეთრმა სახლმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა:
დღეს, თეთრ სახლში, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 25 წელია, ღრმავდება. აღინიშნა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის მნიშვნელობა. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის გამო - 31-მა ქართველმა ჯარისკაცმა ავღანეთში, ნატოს ძალების მხარდამხარ ბრძოლაში თავი გაწირა. ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილების მიმართ, გააგრძელოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში, ინტეგრაცია. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან ახალ გზებს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად."
პრემიერისა და ვიცე პრეზიდენტის შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც სურვილი გამოთქვა მისალმებოდა საქართველოს პრემიერს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება. ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. გიორგი კვირიკაშვილმა ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის უმაღლესმა პირმა მას მტკიცე გზავნილები გადასცა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, პრემიერთან ერთად, იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG