ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭორები და ფაქტები- რა ვიცით კიმ ჩენ უნის ჯანმრთელობის შესახებ


სად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი და რატომ აღარ ჩანს ის სახალხოდ, უკვე 2 კვირაზე მეტია? ამ კითხვას, როგორც ჩანს, ახლა ყველგან სვამენ, თუმცა პასუხი ყველგან სხვადასხვაა.

იმის მიხედვით, თუ რომელ ჭორს გირჩევნიათ რომ დაეყრდნოთ, შეიძლება იფიქროთ, რომ კიმი გაქრა თვალთახედვიდან, რადგან: დაიზიანა ტერფი, ჰქონდა თირკმელის უკმარისობა, გაუკეთდა წარუმატებელი ოპერაცია გულზე, კარანტინშია კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად, ან ჭრილობებს იშუშებს, რომელიც რაკეტის გამოცდის დროს მიიღო.

კიდევ ერთი ლოგიკური კითხვაც ჩნდება - როგორაა კიმი ახლა? აქაც ჭორების რამდენიმე ვერსია ვრცელდება: ის ან კომაშია, ან ტვინი გაეთიშა, ან სულაც გარდაიცვალა. ასევე, ამბობენ, რომ კარგადაა და აღმოსავლეთით, საპორტო ქალაქ ვონსანში, საკუთარ საზღვაო კურორტზე დასეირნობს.

გასული კვირის განმავლობაში როგორც ტაბლოდებმა, ისე სერიოზულმა გამოცემებმა, კომიკურად მრავალფეროვანი და ერთმანეთის საწინააღმდეგო ამბები გამოაქვეყნეს კიმის ჯანმრთელობისა და მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. მათგან არცერთი არ გადამოწმებულა, ან დადასტურებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორები უხვადაა და ყოველდღიურად ვრცელდება, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით კიმის რეალური მდგომარეობის შესახებ. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ბოლოს საჯაროდ ის ფხენიანში, 11 აპრილს, მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოჩნდა.

სანამ მთელ მსოფლიოში კიმის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ვისმენთ, ჩრდილოეთ კორეა დუმს. მეტიც, სახელმწიფო ტელევიზია ამბობს, რომ კიმი კვლავ მართვას სახელმწიფოს.

ზოგიერთისთვის ამ ჭორებისა და ჩრდილოეთ კორეის უპასუხობის კომბინაციამ შექმნა მტკიცებულება, რომ კიმი ძალიან ავადაა, ან მოკვდა.

“უშუალოდ არაფერი ვიცი, მაგრამ შოკში ვიქნები, თუ ის უკვე მკვდარი ან უგონო მდგომარეობაში არაა”, თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. “იმიტომ, რომ არ ხდება ასეთი ჭორების გავრცელებისას, მათი ამდენი ხნით უპასუხოდ უპასუხოდ დატოვება, ამგვარ დახურულ საზოგადოებაში”, დაამატა მან.

თუმცა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჭორების იგნორირება სულაც არ მიაჩნია უჩვეულოდ რეიჩელ მინიანგს, სეულში მცხოვრებ ჩრდილოეთ კორეის ანალიტიკოსს. “ჩრდილოეთ კორეა არ რეაგირებს ჭორებზე, რომელიც ლიდერის ჯანმრთელობას ეხება”, ამბობს ის.

მაგალითად, კიმის ჯანმრთელობის შესახებ ჭორები, ასევე ძალიან აქტიურად გავრცელდა 2014 წელს, როდესაც ის საზოგადოებაში 41 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. “ჩრდილოეთ კორეას მაშინ, ან 2008 წელს, როდესაც კიმის მამა 51 დღის განმავლობაში გაუჩინარდა, არ გაუკეთებია რაიმე ოფიციალური განცხადება”, გვეუბნება მიმომხილველი.

2014 წელს სახელმწიფო მედიამ თქვა, რომ ლიდერი გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდა და ეს იყო მისი გაუჩინარების მიზეზი. მეტი მაშინდელ ფაქტზე არაფერი ვიცით.

ანდრეი აბრამიანი, ჰავაიში მდებარე “პასიფიკ ფორუმის” უფროსი მკვლევარია და ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს შეისწავლის. ის ამბობს, რომ როდესაც საქმე ჩრდილოეთ კორეას შეეხება, “მოთხოვნა მაღალია, ინფორმაცია კი მწირი”. “შეემთხვა თუ არა კიმ ჩენ უნს გასულ თვეს რამე? სავარაუდოდ, კი. ვიცით რა დაემართა? არა”, ამბობს ის.

მკვლევარი თვლის, რომ ინფორმაციის სიმწირისა და დიდი ინტერესის გამო, ახლა დასავლური მედია ყალბი ახალი ამბებითა და ვარაუდებითაა სავსე. სინამდვილეში კი, არავინ იცის და შესაძლოა, ვერც გაიგოს, ის, თუ რა სჭირს ახლა კიმ ჩენ უნს რეალურად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG