ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე უარს აცხადებს. სახელმწიფო დეპარტამენტი - უწყება, რომელიც იარაღის ექსპორტზე ლიცენზიას გასცემს - შეიარაღებაზე ემბარგოს არსებობას უარყოფს და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაზე უარის თქმას პოლიტიკის გაგახედვასთან დაკავშირებული შეყოვნებით ხსნის.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საქართველოს იარაღზე უარს ეუბნება, ვაშიგტონის მხარდაჭერა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცე რჩება. მაგრამ შეკითხვა, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაცვას და ნატოში გაწევრიანებას დასავლური სტილის შეიარაღების გარეშე, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება.
ვაშინგტონში დაფუძნებული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთ იდეას განსაკუთრებით გამოყოფენ. საქართველოსა და ამერიკას შორის შეიარაღებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა მესამე ქვეყნის გავლით უნდა გაგრძელდეს.
ჰარიტაჯის ფონდის უფროსი მკვლევარი არიელ კოენი აცხადებს, რომ ერთი ასპექტი, რომელიც ამერიკის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს არ ესმით, არის ტერიტორიული თავდაცვის მექანიზმების შემუშავება:
„საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საშუალება. ამაში უნდა შედიოდეს ჰაერ- და ტანკ-საწინააღმდეგო ქობინები. ეს იარაღი საქართველოს შეიძლება მიაწოდოს არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ სხვა ქვეყნებმაც. [...] ტერიტორიული თავდაცვა ის არის, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს „პარტიზანობა“ ერქვა. ანუ თითოეულ სოფელს შეეძლო ერთ სამხედრო შენაერთად გაერთიანება და საკუთარი თავის დაცვა. მოწონააღმდეგემ კი იცოდა, რომ ამ სოფელზე თავდასხმა მის ჯარს საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა. ეს კი საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის შანსს შედარებით შეამცირებს. ეს ის საკითხია, რომელსაც ამერიკელმა სამხედრო მოაზროვნეებმა დიდი ყურადღება არ დაუთმეს.“
კოენის თქმით, რუსეთისა და ამერიკის მიერ არაერთხელ გამოხატული წინააღმდეგობა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ქვეყნის თავდაცვას, რა თქმა უნდა, ართულებს. განსაკუთრებით თუ გავითვცალისწინებთ იმას, რომ ისეთმა მეგობარმა ქვეყნებმა, როგორიც უკრაინა და ისრაელი იყო, რუსეთის ზეწოლის შედეგად საქართველოსთვის გარკვეული შეიარაღების მიყიდვაზე უარი თქვეს. შედეგად საქართველომ ისრაელის ბიზნეს-ინტერესების წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა:
„ჩემი აზრით, საქარველო შეიძლება შეცდომას უშვებდეს. ისრაელი კარგი მეგობარია და ამ ეტაპზე მისი დაკარგვა და სანაცვლოდ თურქეთისა და ირანის დამეგობრება არ მგონია საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს ემსახურებოდეს.“
თუ არიელ კოენი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვითი იარაღი დანამდვილებით სჭირდება და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ამერიკამ თითოეული ქართული სოფლის შეიარაღებაზეც უნდა იზრუნოს, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში ვილიამ კორტნი კოენს ნაწილობრივ ეთანხმება. ის ამბობს, რომ საქართველოს იარაღი სჭირდება და შესაძლებლობა აქვს შეიარაღება მესამე ქვეყნის გავლით იყიდოს. ელჩი კორტნი დიპლომატიური სიფრთხილის გამოჩენით აცხადებს, რომ:
„რუსეთის პროვოცირება არც ამერიკის ინტერესებში შედის და არც საქართველოსი. ამერიკის მხრიდან თბილისისთვის იარაღის მიყიდვა კი სწორედ ამ შედეგს მოიტანს. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი იქნება საქართველომ ამერიკისგან ეკონომიკური დახმარების მიღება გააგრძელოს, ხოლო იარაღი კი დამოუკიდებლად, მესამე ქვეყნისგან იყიდოს.“
საქართველოს მხარდამჭერებს შორის ეს ორი ერთი შეხედვით მსგავს, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ვაშინგტონში ფართოდაა გავრცელებული. ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ამერიკამ საქართველოს შეიარაღება უნდა გააგრძელოს, რაც ქვეყანას არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დაცვაში, არამედ ნატოში გაწევრიანებაშიც დაეხმარება. ამის საპირისპიროდ, კი მეორე შეხედულება ჩნდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის გაბრაზებად არ ღირს.
ამერიკის ომის ეროვნული კოლეჯის მკვლევარი, არმიის პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წლების მანძილზე არათანმიმდევრული პლიტიკა პენტაგონის წარმომადგენლებს, გარკვეულ წილად, ურთულებს საქართველოსთან ურთიერთობას:
„2003 წლის ბოლოდან საქართველოს შვიდი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა - ხუთი ომამდე და ორი ომის შემდეგ. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და პრეზიდენტი წყვეტს იმას, თუ ვინ იმსახურებს მის კაბინეტში. მაგრამ როცა ცვლილებები ასე ხშირად ხდება, რთულია ჩამოაყალიბო გრძელვადიანი, თანმიმდევრული და სტრატეგიული ხედვა. თვითონ სამინისტროშიც კი რთულია დაბალი რანგის ოფიცრების მიერ იმ ხედვის განხორციელება, რომელსაც ხელმძღვანელობა იმუშავებს.“
პოლიტიკურ და გავლენიან აკადემიურ წრეებში აზრთა სხვაობა გასაკვირი არ არის. თუმცა არის ერთი ასპექტი, რომელიც აზრთა სხვაობას კიდევ უფრო აღრმავებს. საქართველოს არ აქვს თანმიმდევრული სამხედრო პოლიტიკა. ეს კი განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვისაა აუცილებელი ატრიბუტი, როგორიც ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოა.