ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა შესაძლოა ნაწილობრივ დაიხუროს


რესპუბლიკელები მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ობამას და დემოკრატ კონგრესმენებს აკისრებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00
ბმული

რესპუბლიკელებით კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა და დემოკრატებით მართული სენატი მთავრობის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით დღემდე ვერ თანხმდება.

გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ არ დაამტკიცა კანონი, რომელიც პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონს აფინანსებს. პარასკევს სენატმა რეფორმის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად კვლავ წარმომადგენელთა პალატაში დააბრუნა.

შაბათს საღამოს წარმომადგენელთა პალატამ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის ამოქმედების ერთი წლით გადაავადებას ითვალისწინებს. დღეს სენატმა ზუსტად ამ კანონპროექტს უნდა უყაროს კენჭი. დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას აღწერს:

„დღეს სენატი შეიკრიბება და წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს კვლავ არ დაუჭერს მხარს, ეს კი მთავრობის ნაწილობრივ დახურვას გამოიწვევს.“

რიჩარდ დურბინმა ეს განცხადება საზოგადოებრივი ტელეარხის საშუალებით გააკეთა. ფოქსის ტელეარხზე გამოსვლისას კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კევინ მაკარტიმ კანონპროექტის საკითხზე დებატებს კიდევ ერთი რაუნდი უწანასწარმეტყველა.

„ჩემი აზრით, წარმომადგენელთა პალატა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მთავრობა კი არ დაიხუროს, არამედ დააფინანდეს. სენატს აქვს რამდენიმე შანსი იმისთვის, რომ ამ საკითხს უფრო მეტად ჩაუღრმავდეს.“

თუმცა დემოკრატმა სენატორებმა და პრეზიდენტმა ობამამ განაცხადეს, რომ არ მისცემენ რესპუბლიკელებს საშუალებას კანონის დამტკიცების პროცესს და მთავრობის მუშაობას ხელი შეუშალონ.

სენატორ დურბინის განცხადებით, თუ მთავრობა დახურვას გადაურჩება, დემოკრატები მზად არიან რესპუბლიკელებთან ერთად ობამას ჯანდაცვის რეფორმასა და სხვა ნებისმიერ საკითხზე იმსჯელონ.

„მოდით, ორპარტიულ და მშვიდ გარემოში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. ოღონდ ამას მთავრობის და ეკონომიკის დახურვის პერსპექტივით ნუ გავაკეთებთ.“

ამ ფონზე რესპუბლიკელები მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ობამას და დემოკრატ კონგრესმენებს აკისრებენ:

„სწორედ პრეზიდენტია ის ერთადერთი ადამიანი, ვინც ითხოვს, რომ რესპუბლიკელებმა ჯანდაცვის რეფორმისთვის ყველაფერი გააკეთონ, თუ არადა მთავრობის დახურვით იმუქრება. ჩემი აზრით, ამ საკითხის მიმართ სიჯიუტეს ყველაზე მეტად პრეზიდენტი იჩენს.“

დემოკრატები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამერიკელებმა ბარაკ ობამა პრეზიდენტად ხელმეორედ ჯანდაცვის რეფორმის გამო აირჩიეს.
უკანასკნელი გამოკითხვებით, ამერიკელები ძალიან წუხან ჯანდაცვის რეფორმის გამო, თუმცა არც მთავრობის დახურვა სურთ. თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი დღეს შუაღამემდე ვერ შეთანხმდება, შეერთებული შტატების მთავრობა ნაწილობრივ დაიხურება.
XS
SM
MD
LG