ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი პროკურორის საბრალდებო დასკვნა ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში რჩება


სოციალურ მედიაში ტროლინგის მასიური კამპანიისთვის, სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა, ბრალი რუსეთის 13 მოქალაქეს წარუდგინა. იუსტიციის დეპარტამენტის ამ ნაბიჯმა სამართლებრივი ფორმა მისცა კონგრესის კომიტეტების და ამერიკის სადაზვერვო წრეების მხრიდან გაკეთებულ არაერთ განცხადებას იმის შესახებ, თუ როგორ ერეოდა რუსეთი ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინმა თქვა, რომ „ბრალდებულები, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებდნენ და მათი გაცხადებული მიზანი, კანდიდატების და ზოგადად პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობის გავრცელება იყო.“

პრეზიდენტი ტრამპი ბრალდების გამოქვეყნებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და თქვა რომ „თუ რუსეთის მიზანი შეერთებული შტატების შიგნით უთანხმოების, არეულობის და ქაოსის წარმოქმნა იყო, ყველა ამ კომიტეტების მოსმენებით, გამოძიებებით და პარტიული სიძულვილით, ისეთ წარმატებას მიაღწიეს, როგორსაც ყველაზე თამამ ოცნებებშიც ვერ ინატრებდნენ. მოსკოვში სიცილით იხოცებიან. ამერიკა გონს მოეგე!“

თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილემ, ჰოგან გიდლიმ ტელეკომპანია „ფოქსს“ უთხრა: „არის ორი ჯგუფი, რომელმაც რუსებზე მეტი ქაოსი შექმნა, ეს დემოკრატები და წამყვანი მედიაა.“ ტრამპმა ბრალი თავის წინამორბედსაც წაუყენა და თქვა, რომ ბარაკ ობამა - „პრეზიდენტი იყო, საფრთხის შესახებ იცოდა და არაფერი მოიმოქმედა.“მან ასევე თქვა: „რუსული „გამოგონილი ჭორი“ ის იყო, რომ ტრამპის კამპანია რუსებთან თანამშრომლობდა - ეს არასდროს მომხდარა!“

დემოკრატები უკან არ იხევენ, სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა „სი ენ ენ“-თან ასეთი კომენტარი გააკეთა: „მხოლოდ ის, რომ საბრალდებო დასკვნაში არაფერია ნათქვამი შეთქმულებაზე ან ამერიკელების შეგნებულ მონაწილეობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ საბრალდებო დასკვნაში ეს ჩართული არ იქნება.“

დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა თქვა: „ბობ მიულერის საქმეა დაადგინოს, თუ რომელი კანონები დაირღვა და ამის შედეგად ციხეში ვინ უნდა მოხვდეს. არ შეიძლება სტანდარტმა ისე დაბლა დაიწიოს, რომ თუ რაღაცისთვის ციხეში არ მოხვდები, ყველაფერი მისაღებია.“

მიულერის გამოძიება დამთავრებისგან შორს არის და დემოკრატები ირწმუნებიან, რომ ბევრი კითხვა, რომელსაც სერიოზული სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა თქვა: „ სინამდვილეში, საარჩევნო კამპანიაში რუსების დახმარებამ, საკამპანიო ფინანსების მრავალი კანონის დარღვევა ხომ არ გამოიწვია? დაირღვა თუ არა სხვა კანონები, რომელიც ჩვენს არჩევნებში უცხოურ ჩარევას კრძალავს? და იყვნენ თუ არა ამერიკელი მოქალაქეები მათთან შეთქმულებაში ამის გასაკეთებლად? ამის გამოძიების დროს, სამართალდამცავებისთვის ყალბი ჩვენებები ხომ არ მიუციათ?“

როგორც ჩანს, ბრალის წაყენებამ რუსეთის მთავრობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრალდებას უსაფუძვლო „ყბედობა“ უწოდა. ორშაბათს, კრემლმა შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მთავრობის ჩარევის ფაქტი უარყო.

პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG